Accentnews.ge
ელისაშვილი და ხაზარაძე ერთმანეთს ეთერში დაუპირისპირდნენ: "ხელს არ ჩამოგართმევ"

ელისაშვილი და ხაზარაძე ერთმანეთს ეთერში დაუპირისპირდნენ: "ხელს არ ჩამოგართმევ"

19/01/2021 20:01:02 მსოფლიო

ღამის კურიერის ეთერში "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

კამათი მამუკა ხაზარაძის მიმართვას მოჰყვა: "სირცხვილი არის ის, რომ თქვენ გაიტანეთ ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამებოდა სიმართლეს".

საპასუხოდ ელისაშვილმა მამუკა ხაზარაძეს შეხვედრების დროს გამართული საუბარი გაახსენა:

"ჩვენ რამეზე შევთანხმდით?! ქურდული გარჩევა გვქონდა თუ პირადი საუბარი? ერთადერთი, რასაც ვნანობ, რომ მაშინვე არ ჩავრთეთ ყველაფერი პირდაპირ ეთერში. ხალხმა უნდა იცოდეს, ხალხის ზურგს უკან რას ვლაპარაკობდით. რა არ გვილაპარაკია, იმდენი ხალხი ვიყავით და ზუსტად მასე მითხარით, მთავარი რასაც ვიძახდით, თუ ბოიკოტში ვრჩებით და ბოიკოტში ვრჩებით, რა ხდება მერე, როგორ ვამარცხებთ ივანიშვილს?! არ მითხარი, შენ შემოხვედი გვიან და გკითხე რომ ბიზნესმენი კაცი ხარ, მილიონერი, პრაგმატული, გეგმებზე ფიქრობ სულ... სიტყვა-სიტყვით არ მითხარი, ომია ძმა და მერე რა იქნებაო... არ გითხარი ნებისმიერ ომში გამოგყვებითქო".

"თქვენ, ბატონი ალეკო, ბრძანდებით მატყუარა!" - უპასუხა ხაზარაძემ. ელისაშვილმა კი სიტყვების შერჩევისკენ მოუწოდა.

"ძალიან ვერიდებოდი ამ ყველაფრის პირდაპირ თქმას, მაგრამ თქვენ, ბატონო ალეკო, პირდაპირ გეუბნებით, ხართ მატყუარა და ავანტიურისტი. თქვენ ლაპარაკობთ "ქართული ოცნების" დავალებით. თქვენ თუ გინდათ, შედით პარლამენტში, არავინ ხელს არ გიშლით, ამ ქაოსს თავი დაანებეთ, "ოცნების" მუსიკას ჩვენ ნუ გვასმენინებთ,"-მიმართა მამუკა ხაზარაძემ ალეკო ელისაშვილს.

თავის მხრივ, ალეკო ელისაშვილმა მამუკა ხაზარაძეს მატყუარა, უსინდისო და ხალხის მყვლეფავი უწოდა. ამასთან, "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე "ქართულ ოცნებასთან" ინდივიდუალურ მოლაპარაკებებში დაადანაშაულა.

"სანამ ეთერში არ დაამტკიცებ, მაყურებლის თვალწინ, როდის ჰქონდა დამოუკიდებელი შეხვედრა "ქართულ ოცნებასთან", მე დაგელოდები, აქედან არ გავალ. დაურეკე ირაკლი კობახიძეს და მოგცეს ფაქტები, როდის ჰქონდა დამოუკიდებელი შეხვედრა ბადრი ჯაფარიძეს ან "ლელოს" ნებისმიერ წევრს "ქართულ ოცნებასთან,"-მიმართა მამუკა ხაზარაძემ ალეკო ელისაშვილს.

ხაზარაძემ ელისაშვილს ურჩია, ოპოზიციურ შეხვედრებზე არ გამოჩნდეს, რადგან მისთვის ხელის ჩამორთმევას და მის გვერდით დგომას არ აპირებს.

"შენნაირ ადამიანს არ შევხვდები, გინდა დეპუტატი იყავი, გინდა პარლამენტში შედი. სანამ ქართულ პოლიტიკაში, ისევე, როგორც საქმიან ურთიერთობებში, ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქმევა, ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება.

არ დაგინახო ოპოზიციურ შეხვედრაზე მოსული, მე შენ ხელს არ ჩამოგართმევ, ეს იქნება პირველი მაგალითი ქართულ პოლიტიკაში, რომ სიტყვას და ღირსებას ჰქონდეს ფასი. ამხელა ტყუილების გუდა საიდან გაქვს, სად ისწავლე ამხელა ტყუილები ამხელა კაცმა. ჩვენ გვერდით არ გაიარო, მატყუარა ხალხთან საქმე არ მაქვს,"-მიმართა ხაზარაძემ ელისაშვილს.

კამათისას ფიზიკური დაპირისპირების მცდელობაც იყო, თუმცა განმუხტვა გადაცემის წამყვანებმა სცადეს, ხაზარაძემ კი სტუდია დატოვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S