რა პირობით გაიხსნება სავაჭრო სექტორი 1 თებერვლიდან
19/01/2021 13:51:58 ეკონომიკა
1 თებერვლიდან ოპერირების განახლების შემთხვევაში, მოლებს და ბაზრობებს 14 დღეში ერთხელ თანამშრომელთა გეგმური ტესტირება მოუწევთ, – ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
განსაზღვრულია პროცენტულობა: ბაზრობების შემთხვევაში – თანამშრომელთა 20%, მოლების – 25%.
გარდა ამისა, ძალაში რჩება არსებული რეგულაციები პირბადესა და დისტანციასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, მოლებისა და ბაზრობების ხელმძღვანელებს ასევე მოუწევთ, თავიანთი ბიზნესი და მასში დასაქმებული პირები დაარეგისტრირონ სპეციალურად შექმნილ პორტალზე, რომლის მეშვეობითაც განხორციელდება მონიტორინგი:
„პორტალის საშუალებით, ბიზნესი შეძლებს, ბიუროკრატიული მექანიზმების გარეშე, rs-ის ავტორიზაციის მეშვეობით, მოახდინოს რეგისტრაცია, რაც გამორიცხავს ცდომილებას. პერსონალური მონაცემები კანონმდებლობის შესაბამისად იქნება დახურული და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ იქნება ხელმისაწვდომი აარავტორიზებული პირისთვის. მათ უნდა დაარეგისტრირონ თავიანთი კომპანია, იქ დასაქმებული ადამიანები, რათა შესაძლებელი იყოს ჩვენ პროცენტულობით შევხედოთ, რამდენი ადამიანი გაიტესტა, მაგალითად, დადგენილ ვადაში საერთო რაოდენობის 25% გაიტესტა თუ არა ნამდვილად“.
მისივე თქმით, ზოგადად ეკონომიკის გახსნის ზუსტ თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო 21-22 იანვარს მიიღებს:
„ეტაპობრივად მოხდება ეკონომიკის სრული განახლება“.


