ლარსზე 700–ზე მეტი სატვირთო ავტომობილი ელის საზღვრის გადმოკვეთას
19/01/2021 11:41:35 ეკონომიკა
700–ზე მეტი სატვირთო ავტომობილია ზემო ლარსთან, რუსეთის მხარეს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის მოლოდინში,– იუწყება „ინტერფაქსი“.
ერთ კვირაზე მეტია, სატვირთო ავტომობილების მძღოლები საზღვრის გადმოკვეთას ვერ ახერხებენ ჩაკეტილი გზის გამო, რისი მიზეზიც რთული მეტეოროლოგიური პირობები გახდა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთის კმ93-კმ99-ზე და კმ105-კმ107-ზე ზვავსაშიშროება მოიხსნა და გზის სავალ ნაწილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
თუმცა, გუდაური-კობის მონაკვეთის კმ100-კმ104-ზე ზვავსაშიშროების რეჟიმი ნარჩუნდება და სამუშაოები ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე დაიწყება, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა.


