Accentnews.ge
„ფაიზერის“ ვაქცინის რა დოზის მისაღებადაა მზად ამ დროისთვის საქართველო

„ფაიზერის“ ვაქცინის რა დოზის მისაღებადაა მზად ამ დროისთვის საქართველო

13/01/2021 08:49:57 საზოგადოება

ქვეყანას ამ წუთში გააჩნია „ფაიზერის“ ვაქცინის 200 ათასი დოზის მიღების შესაძლებლობა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. იმნაძემ თენგიზ ცერცვაძის იმ განცხადების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, -80-გრადუსიანი მაცივრების პრობლემის გამო, საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის მილიონიანი დოზის შეძენა არ შეუძლია.

როგორც პაატა იმნაძე აცხადებს, ვაქცინის შეძენა „კოვაქს“ პლატფორმის გარდა, შესაძლებელია მწარმოებლებთან პირდაპირი მოლაპარაკების გზითაც.

„ქვეყანას ამ წუთში გააჩნია „ფაიზერის“ ვაქცინის 200 ათასი დოზის მიღების შესაძლებლობა. ქვეყანა იყიდის „კოვაქსის“ პლატფორმიდან, წინასწარი შენატანი გადახდილია.

ქვეყანა ასევე მზად არის, თუ ვინმე პირდაპირ მოგვაწვდის ამ ვაცინას, ვიყიდოთ პირდაპირ მწარმოებლისგან. „კოვაქსის“ ალტერნატიული ბაზარი არის პირდაპირი მოლაპარაკებები მწარმოებლებთან. სამწუხაროდ, ჯერჯერობით შეუძლებელია პირაპირ ამ ვაქცინების მიღება“,-აცხადებს იმნაძე.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თემის კომენტირებისას აღნიშნა, მთავრობას „კოვაქს” პლატფორმიდან დაუდასტურეს, რომ ისინი მზად არიან, საქართველოს სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინა მიაწოდოს.

მისი თქმით, ამ ეტაპისთვის ქვეყანა მიიღებს „ფაიზერის“ ვაქცინას, თუმცა ეს იმას არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში მას სხვა ვაქცინაც დაემატოს.

„გვაქვს მოლოდინი, რომ „ასტრაზენეკაზე“ მისაწვდომობაც გაუჩნდებათ ჩვენს მოქალაქეებს. ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება ეს „ფაიზერის“ ვაქცინა თუ რომელიმე სხვა, ყველა ვაქცინაციას ესაჭიროება თავისი ეტაპობრიობა და ასევე, გარკვეული პორციული შემოტანა ქვეყანაში. ამას აკეთებს არა მხოლოდ საქართველო, არამედ სხვა ქვეყნებიც, ვინაიდან ვაქცინაციის პროცესი არის საკმაოდ რთული პროცესი და მხოლოდ ცივი ჯაჭვის არსებობა არ განაპირობებს თუ რა მოცულობის ვაქცინების შემოტანა იქნება შესაძლებელი საქართველოში.

ჩვენ გეგმაზომიერად ვმუშაობთ და აქედან გამომდინარე, როგორც სხვა კომპონენტებში არ გვქონია არანაირი გართულება, ამ კომპონენტში ჩვენს მოსახლეობას ექნება სრული ხელმისაწვდომობა ყველა იმ რაოდენობაზე, რა მოცულობის შესყიდვის საშუალებაც იქნება მსოფლიო ბაზარზე. შეფერხება საქართველოში არსებული ან არარსებული პირობების გამო მოსახლეობას არ ექნება,“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში 100 ათასი მედიკოსი არ გვყავს - აქედან გამომდინარე, შემოტანილი ვაქცინა პროპორციულად იმ რისკ ჯგუფებზე განაწილდება, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან იქნება შეთანხმებული:

„ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს გაიდლაინები და პრიორიტეტები. ამას ყველა ქვეყანა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ათანხმებს. განსაზღვრულია რისკ-ჯგუფები და მოწყვლადი ჯგუფები. პირველ რიგში, ყველა ქვეყანა სტატეგიულად გეგმავს, რომ არ დაინფიცირდნენ მედიკოსები, რათა მათ დაინფიცირებული პაციენტების მოვლა და მკურნალობა შესძლონ. პრიორიტეტში ყველა ვარიანტში მედიკოსები არიან. მედიკოსები ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ზრდის ვაქცნაციის სანდოობას მოსახლეობაში. შემდგომში ისეთი მოწყვლადი ჯგუფები, როგორიცაა ქრონიკული დაავადებების მატარებელი პირები და ასევე პენსიონერები. ჩვენ ამ პროცესს გეგმაზომიერად მივყვებით“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S