მისტიური კვირა – სვანეთში გარდაცვლილთა სულებს მასპინძლობენ

12-01-2021 00:38:27 ეს საინტერესოა

ვისთვის მისტიური, ვისთვის ეგზოტიკური, საინტერესო, ვისთვის შიშის მომგვრელიც კი, მაგრამ სვანებისთვის უაღრესად პატივსაცემი დღე დგება: 13 იანვრიდან სვანები, ისევე როგორც მანამდე მათი მშობლები, მშობლების მშობლები, მშობლების მშობლების მშობლები ... გარდაცვლულთა სულებს უმასპინძლებენ.

მასპინძლობის წესი ბალს ზემო და ქვემო სვანეთში მცირედით განსხვავებულია, თუმცა მათ ტრადიციის არსი აერთიანებთ: ამ დღეს მწუხარების დრო აღარაა, ოჯახს აღარავინ აკლია, აღარაა ცრემლი, აღარ სტიკავთ, რადგან ისინი ბრუნდებიან, მართალია დროებით, მაგრამ მაინც ბრუნდებიან.

ალბათ, ვიღაცისთვის უცნაურია, მეც ბევრჯერ მინახავს გაფართოებული თვალები თხრობისას, მაგრამ სვანეთში ნამდვილად სწამთ, რომ დიდი მასპინძლობის დროა.

პირადად ჩემთვის ეს დღე ბავშვობის თბილ მოგონებებთან ერთად, გაცნობისაცაა – ბაბუასი, ბებიასგან დაკლებული სითბოს ანაზღაურების, რადგან 5 წლისა დამტოვა, ბიძასთან შეწყვეტილი საუბრის გაგრძელების, დიდ ბებიასთან თავის მოწონების, დედისთვის ამბების გაზიარების...

ამ პირადული ემოციების და ინდივიდუალური აღქმის გარდა, მასპინძლობის დრო ერთობ საპასუხისმგებლო და რუტინით დატვირთული პროცესია: ტრადიციულად სულების კვირეული –„ქუნარეში“, „ლიფაანალ“ (წადგმა) 7 დღე გრძელდება.

ზოგიერთგან „სტუმრის მიღების დღეს“ ოჯახის უფროსები სანთლებითა და კვერებით ეკლესიაში მიდიან და უფალს სთხოვენ, სულების მასპინძლობის უფლება მისცეს, შემდეგ კი ანთებული სანთლებითვე შინ ბრუნდებიან და „სტუმრებს“ ელიან და იწყება განსაკუთრებული მზადება: მზადდება სამი სანთელი, კერძები, მათ შორის – კვერები. საღამოხანს იშლება ისეთივე სუფრა, როგორითაც ჩვეულებრივ დღეებში ძვირფას სტუმრებს ხვდებიან და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ყველა კერძი ცხელი და ხელუხლებელი იყოს (გადმოცემის თანახმად, სული კერძების ორთქლით იკვებება).

მაგიდაზე ანთებენ სამ სანთელს, ღუმელში უკეთებენ საგანგებოდ ამ დღისთვის მოჭრილი კაკლის ტოტის ნაჭერს, აღებენ ყველა შემოსასვლელ კარს, ოთახში სინათლეს აქრობენ, ოჯახის შინ მყოფი ყველა წევრი კი გაშლილი სუფრის ირგვლივ იკრიბება და „სტუმარს“ ფეხზე მდგომი ხვდება.

შეგებების შემდეგ ოჯახის ერთ–ერთი წევრი მოსულ „სტუმრებს“ ლოცავს, რომ მათი შინ დაბრუნება ფეხბედნიერი იყოს და სითხით სავსე ჭიქიდან (სასმელი წყალი ან ღვინო) რამდენიმე წვეთს იატაკზე ღვრის (ესეც სვანების უძველესი წესია: მიცვალებულის შესანდობარისას ჭიქიდან რამდენიმე წვეთს იატაკზე, ან სუფრაზე მდგომ სხვა ჭურჭელში აქცევენ, რასაც „წადგმა“ ეწოდება).

რიტუალი სრულდება სამჯერ და უკევ ამის შემდეგ მას ოჯახში მყოფი ყველა წევრი უერთდება. ამ წესის – „წადგმის“ შესრულება სავალდებულოა კვირის განმავლობაში ყოველ დილას და საღამოს, თუმცა სასურველია შუადღითაც. ყოველ ჯერზე კერძი უნდა იყოს ცხელი, პური კი – ახალი.

გადმოცემის მიხედვით, ძალზე მნიშვნელოვანია, „მასპინძლობის“ ერთკვირიან პერიოდში ოჯახში სიმშვიდე სუფევდეს, დაუშვებელია ჩხუბი და არეულობა. ოჯახის უმცროსი წევრები კითხულობენ ზღაპრებს. ზოგადად, სუფევს დადებითი განწყობა.კვირის განმავლობაში ერთი დღე მარხვისაა. წელს ეს დღე ნათლისღებას ემთხვევა. სავალდებულოა, რომ ოჯახის ყველა წევრმა ამ დღეს დაიცვას მარხვა, ხოლო ვინც დაარღვევს, შემდეგ დღეებში „წადგმას“აღარ უნდა დაესწროს.

მარხვის დღეს სუფრაზეც მხოლოდ სამარხო კერძები იდგმება და აუცილებელია ხილი. „სულების კვირეულის“ ერთ–ერთი ასევე ძალზე მნიშვნელოვანი დღე არის კვირა. გადმოცემის მიხედვით, ამ დღეს გარდაცვლილთა სულებს კრება აქვთ და ადგენენ იმ პირთა სიას, ვინც მიმდინარე წელს დატოვებს სააქაოს. ამ დღეს „წადგმა“ მხოლოდ საღამოს ხორციელდება.

კვირეულის ბოლო დღეს, როდესაც ოჯახში მისული „სტუმრები“ ტოვებენ მასპინძლებს, სუფრა განსაკუთრებულ იერს იძენს, ისევე, როგორც პირველ დღეს. ოჯახის „უფროსი“ მათ სთხოვს, ოჯახს და მის ყველა წევრს მფარველობა გაუწიონ და კეთილი ფეხი დაუტოვონ. „წადგმის“ რიტუალი, ისევე, როგორც პირველ დღეს, ამ დღესაც სამჯერ სრულდება.

ასევე სრულად უნდა დაიწვას მასპინძლობისთვის მომზადებული კაკლის ტოტი. „გაცილების“ ჟამს ოჯახის ყველა წევრი კარისგან ზურგით დგება, ოჯახის უფროსი კი წინასწარ მომზადებული რძისა და ღვინის ნაზავით ჭიშკრამდე კვალს ტოვებს, თან აქვს სამი კვერი და დარჩენილი სანთელი, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში ყოველ „წადგმაზე“ ინთება და მიაცილებს სტუმრებს, თან გზა მშვიდობისას უსურვებს.

კვერებს და ანთებულ სანთლებს ჭიშკართან ტოვებს, რათა სანთელმა მიმავალთ გზა გაუნათოს. ოჯახის დანარჩენ წევრებს ამ რიტუალისთვის თვალის დევნების უფლება არ აქვთ, მთელი ამ პროცესის განმავლობაში კარისკენ ზურგით დგომას განაგრძობენ და ამ პოზიციას მხოლოდ ოჯახის „უფროსის“ სახლში შებრუნების შემდეგ ტოვებენ.

გადმოცემის მიხედვით, შორეულ წარსულში სახლში ერთი კვირით დაბრუნებული გარდაცვლილი ახლობლის ხილვა შესაძლებელი იყო, თუმცა დედამ ვერ გაუძლო მონატრებას, გარდაცვლილ შვილს მოეხვია და ამით ამიერ და იმიერ სამყაროს შორის საზღვარი დაარღვია, რის შემდეგაც სტუმრად მოსული სულები უხილავები გახდნენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები