
ქართველი მეხანძრეები ოკუპირებულ აფხაზეთში ცეცხლის ქრობის პროცესში არ ჩართულან
08/01/2021 07:11:00 რეგიონები
სუს–ის ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ოკუპირებულ აფხაზეთს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში დახმარებას ხანძრის პირველივე დღიდან უწყვეტ რეჟიმში სთავაზობს, თუმცა ჯერჯერობით სამუშაოებში ქართული მხარე არ ჩართულა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ხელისუფლება აგრძელებს კომუნიკაციას მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით.
"არის მუდმივი კომუნიკაცია ცხელი ხაზის მეშვეობით. ჯერჯერობით, ქართული მხარე სამუშაოებში არ ჩართულა, თუმცა ნებისმიერი მიმართულებით სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ“,-აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
ცნობისთვის: გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაგრაში ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება. როგორც ე.წ.სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, ცეცხლი საცხოვრებელი სახლებიდან 150 მეტრშია, ადგილზე კი მცირე რაოდენობით ტექნიკა და სამაშველო ჯგუფია წარმოდგენილი.
მანამდე ცეცხლი გალში დასახლებულ პუნქტში გავრცელდა. ხანძარმა ათობით ოჯახი აზარალა.