ტრამპი – მხარდამჭერებს: „არჩევნები მოგვპარეს, მაგრამ ახლა სახლში უნდა წახვიდეთ“
06/01/2021 21:39:21 მსოფლიო
აშშ–ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრილ მხარდამჭერებს შინ წასვლისკენ მოუწოდა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ბრალდებები არჩევნების გაყალბებაზე:
"ვიცი თქვენი ტკივილი. ჩვენ გვქონდა არჩევნები, რომელიც მოგვპარეს. დიდი უპირატესობით მოვიგეთ და ყველამ იცის ეს, განსაკუთრებით მეორე მხარემ. მაგრამ ახლა სახლში უნდა წახვიდეთ. მშვიდობა უნდა გვქონდეს, კანონი და წესრიგი უნდა გვქონდეს. პატივი უნდა ვცეთ სამართალდამცველებს. არ გვინდა, რომ ვინმე დაშავდეს. ძალიან რთული პერიოდია. ასეთი დრო არასდროს ყოფილა, როდესაც ასეთი რამ მოხდა, და ჩვენ ყველას წაგვართვეს [არჩევნები], ეს გაყალბებული არჩევნები იყო, მაგრამ ვერ ვითამაშებთ ამ ხალხის სასარგებლოთ. მშვიდობა გვჭირდება. წადით სახლებში. გვიყვარხართ. ძალიან გამორჩეული ხალხი ხართ". - თქვა მან.
მანამდე აშშ-ის არჩეული პრეზიდენის ჯო ბაიდენის მიმართვა გავრცელდა. მან კონგრესში შეჭრილებს ექსტრემისტები უწოდა და ტრამპს მოსთხოვა გაეკეთებინა საჯარო განცხადება.
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა ვაშინგტონში, პოლიციის კორდონი გაარღვიეს და კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. არეულობის გამო სხდომა შეწყდა. ვრცელდება ცნობა დაჭრილის შესახებ. ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის შეყვანის ბრძანება გასცა.


