Accentnews.ge
"შეუსაბამოდ მიგვაჩნია რუსეთის გადაწყვეტილება, აკრძალოს ფრენები საქართველოში"

"შეუსაბამოდ მიგვაჩნია რუსეთის გადაწყვეტილება, აკრძალოს ფრენები საქართველოში"

03/07/2019 16:55:53 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ფედერიკა მოგერინის უწყება, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ურთიერთობებში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ქმნის რისკს, იქონიონ ნეგატიური გავლენა ორივე ქვეყნის მოქალაქეებზე. უსაფუძვლოდ და შეუსაბამოდ მიგვაჩნია რუსეთის გადაწყვეტილება, 8 ივლისიდან აკრძალოს ფრენები საქართველოში.

ამასთან, 27 ივლისს აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ორ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე დაწესებული შეზღუდვები სერიოზულად აისახება გადაადგილების თავისუფლებაზე და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის დამატებით სირთულეებს ქმნის. ისინი უნდა მოიხსნას დამატებითი ჰუმანიტარული სირთულეების თავიდან ასაცილებლად. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დღეს დაწყებული რაუნდი უნდა იყოს გამოყენებული ეფექტიანად დაძაბულობის შესამცირებლად და დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა კვლავ ძლიერია.

ევროკავშირი ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნულია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის: რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. 

რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.

რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით დანიშვნას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, 2 პირი კი ამ დრომდე მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

სწორედ ზემოაღნიშნული მოვლენების შემდგომ, 21 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე, 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S