
რუსული კლუბიდან გარიცხული ქართველი მორაგბის პირველი კომენტარი: "არ ვნანობ"
03/07/2019 15:46:49 სხვა, საზოგადოება
თბილისში, აქციებზე დაშავებული მოქალაქეების სოლიდარობის ჟესტის გამო რუსული კლუბ "სლავადან" გარიცხული მორაგბე საბა ილურიძე საკუთარ ქმედებას არ ნანოს და თვლის, რომ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა.
მასთან ერთად რუსმა ხელმძღვანელებმა კიდევ ერთი ქართველი მორაგბე რეზი ბროძელი დასაჯა. მანაც საბა ილურიძის მსგავსად ლელოს დადების შემდეგ სოლიდარობა გამოუცხადა ქართველ დემმონსტრანტებს.
ილურიძის თქმით, მისი ჟესტი რუსეთში შეურაცხყოფად მიიღეს და გადაწყვეტილების საფუძველიც ეს გახდა.
"როცა სპორტსმენს პოლიტიკური ნიშნით რაიმე უზღუდავენ, ან პრობლემას უქმნიან, ძალიან ცუდია. ანალოგიურად, სპორტსმენი როცა ხარ, არ უნდა არიო სპორტი და პოლიტიკა. სოლიდარობა გამოვუცხადე საქართველოში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულ ხალხს, მათ ეს ჟესტი მიიღეს შეურაცხყოფად და მიიღეს გადაწყვეტილება ჩვენი გუნდიდან გაშვების შესახებ. გავაკეთე ის, რაც უნდა გამეკეთებინა, არ ვნანობ და მზად ვარ ჩემს ქვეყანაში დასაბრუნებლად,"-განუცხადა "რუსთავი 2"–ს საბა ილურიძემ.
პროფესიონალ მორაგბეთა კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნონო ანდღულაძე ამბობს, რომ ის, რაც კლუბის ხელმძღვანელებმა გააკეთეს, ნამდვილად რუსული ხელწერაა და ასოციაცია ქართველი მორაგბეების უფლებებს დაიცავს.
„ჭკუის დამრიგებლური, სადამსჯელო საქციელი ჩაიდინეს. მე ვუერთდები ჩვენს ბიჭებს, ჩვენს მორაგბეებს ამ სოლიდარობის აქციაში. არსებობს მორაგბეთა ასოციაცია, ვინც რეაგირებს ასეთ შემთხვევებზე და აუცილებლად იქნება რეაგირება, დავიცავთ მათ ინტერესებს და უფლებებს,“-ამბობს ნონო ანდღულაძე.
ქართველ მორაგბეებს მხარდაჭერას უცხადებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი. მისი თქმით, სამინისტრო საკითხით დაინტერესებულია.
ხელისუფლების ვალდებულებაა, ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერ ქართველ სპორტსმენს მხარდაჭერა გამოუცხადოს",– ამბობს მინისტრი.
ცნობისთვის:20 ივნისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ძალისმიერი მეთოდით დაშლის სედეგად რამდენიმე მოქალაქემ თვალი დაკარგა, რასაც ქართველი სპორტსმენები გამოეხმაურნენ - ეროვნულ ლიგაში რამდენიმე მოთამაშემ ცალ თვალზე ხელი აიფარა, იმავე ჟესტით თედო აბჟანდაძემ 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატიდან გაამხნევა დაზარალებულები. მთავარი ამბავი კი რუსეთში მოხდა, სადაც რუსეთის თასის სარაგბო მატჩის დროს, რეზი ბროძელმა, ყუბანთან გატანილი ლელოს შემდეგ, საბა ილურიძესთან ერთად ცალ თვალზე ხელი აიფარა. რუსულმა კლუბმა ორივე მორაგბე გუნდიდან გაუშვა. სლავამ ბროძელსა და ილურიძეს კონტრაქტები გაუწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა.
აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით დანიშვნას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, 2 პირი კი ამ დრომდე მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა, 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ, ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება.
სწორედ ზემოაღნიშნული მოვლენების შემდგომ, 21 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე, 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.