გაბუნია: "დადასტურებული არ არის, რომ ახალი შტამი ახალგაზრდებს უფრო აზარალებს"
05/01/2021 08:24:38 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ არსებობს გარკვეული მოსაზრება, თითქოს კორონავირუსის ახალი შტამი ახალგაზრებს უფრო აზარალებს, თუმცა, მისივე თქმით, ეს დადასტურებული არ არის.
როგორც გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, ერთადერთი, რაც ცნობილია, შტამი, შესაძლოა, უფრო სწრაფად ვრცელდებოდეს.
"ერთადერთი, რაც ამ დროისთვის არის ცნობილი, არის ის, რომ ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება და უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო, როგორც პირადი დაცვის საშუალებების გამოყენების, ასევე წესების დაცვის კუთხით.
რაც შეეხება იმას, რომელ ჯგუფს უფრო მეტად აზარალებს ეს შტამი, ამ ეტაპისთვის რაიმე დასაბუთებული, მეცნიერული საფუძვლები არ გვაქვს, რომ ვივარაუდოთ - ეს შტამი უფრო მეტად აქტიურად აზარალებს ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობას, გარკვეული ვარაუდი გამოითქვა, თუმცა დადასტურებული არ არის", - აღნიშნა გაბუნიამ.
ცნობისთვის: საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა.


