კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირებულ პაციენტს მოგზაურობის ისტორია არ აქვს
05/01/2021 08:17:10 საზოგადოება
კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირებულ პაციენტს მოგზაურობის ისტორია არ აქვს,– ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფნგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ თემის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, რეინფიცირებამდე აღნიშნულ პირს კონტაქტი ჰქონდა მოგზაურობის ისტორიის მქონე მოქალაქესთან, რომელიც ამჟამად ქვეყანაში არ იმყოფება, მის კონტექსტებს კი იზოლაციის 14–დღიანი ვადა გავლილი აქვთ.
რაც შეეხება მოგზაურობის იტორიის მქონე პირს, იმნაძე ამბობს, რომ მოძიებულია მისი ნიმუში და მიმდინარეობს სეკვენირება.
რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ დაინტერესდნენ ეპიდემიოლოგები პირით, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირება დაუდასტურდა, იმნაძე განმარტავს, რომ როდესაც ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევები, თუ რომელი შემთხვევა შეიძლება, ჩაითვალოს საეჭვოდ, საქართველოში შეისწავლეს ყველა დადებითი შემთხვევა, მათგან მხოლოდ სამი იყო საეჭვო და ამ სამიდან ერთს ახალი შტამით ინფიცირება დაუდასტურდა, რაც იმნაძის მტკიცებით, ადასტურებს, რომ ქვეყანაში ახალი შტამი გავრცელებული არ არის.
იმნაძის ცნობით, ინფიცირებული 50 წელს გადაცილებული პაციენტია, რომელიც ამ დროისთვის პრაქტიკულად გამოჯანმრთელებულია და მას ვირუსი დეკემბრის მეორე ნახევარში დაუდასტურდა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ არსებობს გარკვეული მოსაზრება, თითქოს კორონავირუსის ახალი შტამი ახალგაზრებს უფრო აზარალებს, თუმცა, მისივე თქმით, ეს დადასტურებული არ არის.
როგორც გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, ერთადერთი, რაც ცნობილია, შტამი, შესაძლოა, უფრო სწრაფად ვრცელდებოდეს.
"ერთადერთი, რაც ამ დროისთვის არის ცნობილი, არის ის, რომ ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება და უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო, როგორც პირადი დაცვის საშუალებების გამოყენების, ასევე წესების დაცვის კუთხით.
რაც შეეხება იმას, რომელ ჯგუფს უფრო მეტად აზარალებს ეს შტამი, ამ ეტაპისთვის რაიმე დასაბუთებული, მეცნიერული საფუძვლები არ გვაქვს, რომ ვივარაუდოთ - ეს შტამი უფრო მეტად აქტიურად აზარალებს ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობას, გარკვეული ვარაუდი გამოითქვა, თუმცა დადასტურებული არ არის", - აღნიშნა გაბუნიამ.


