ხანძარი, პროტესტი და ჩახუტება უკეთესი 2021 წლის იმედით – 2020 წელი ფოტოებში
31/12/2020 13:48:59 მსოფლიო, საზოგადოება
მსოფლიოსთვის 2020 წელი ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი Covid-19-ის გამო იყო. თუმცა პანდემიის გარდა, მიმდინარე წელს სხვა მნიშვნელოვანი მოვლენებიც მოხდა.
გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

ხანძარი ავსტრალიაში. ნენსი და ბრაიან ალენი სამხრეთ უელსში მდებარე თავიანთი სახლის წინ ნაცრის, კვამლის და ნარინჯისფერი ცის ფონზე დგანან. ხანძარი ავსტრალიაში 2020 წლის პირველი თვეების განმავლობაში მძვინვარებდა. ცეცხლმა 34 ადამიანი შეიწირა, დაიწვა ირლანდიის რესპუბლიკის ზომის ფართობი.

ფოტოზე ასახულია პატრიკ ჰატჩინსონი, რომელსაც Black Lives Matter– ის საპროტესტო აქციაზე დაშავებული კონტრაქციის მემარჯვენე აქტივისტი უსაფრთხო ადგილზე გადაჰყავს. ამ ფოტოს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მომხმარებელთა უმეტესობა პატრიკ ჰატჩინსონს ჰუმანური საქციელისთვის აქებდა.

ფოტოზე ასახულია ტეხასში, ჰიუსტონში მდებარე საავადმყოფოს "United Memorial Medical Center" ექიმი ჯოზეფ ვარონი მის პაციენტთან ერთად.
"ერთ–ერთი შემოვლისას ვნახე, რომ მოხუცი იდგა და ტიროდა. მივუახლოვდი და ტირილის მიზეზი ვკითხე მიპასუხა, რომ თავის მეუღლესთან უნდოდა. მივედი და ჩავეხუტე. ცოტა ხანში დაწყნარდა და თავი უკეთ იგრძნო. არ ვიცი რა მაძლევს იმის მუხტს, რომ კიდევ შემართებით ვიყო. არის ისეთი ვითარებაც, როდესაც სასოწარკვეთილი პაციენტების შემყურე ჩემი კოლეგები ტირიან და მოწყენილები არიან. თუმცა მედიკოსები ბრძოლას განვაგრძობთ. ხალხი უგულოდ იქცევა. ჩვენ ვშრომობთ და ვშრომობთ, ხალხი არ გვისმენს და ეს მთავრდება იმით, რომ ისინი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ხვდებიან. მინდა, ხალხმა იცოდეს: მე არ მინდა თქვენთან ჩახუტება. დაიცავით დისტანცია, ატარეთ პირბადე, დაიბანეთ ხელები და მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. ამ რეკომენდაციების შესრულება ძალიან მარტივია. თუ ხალხი ამას გააკეთებს, მე და ჩემს კოლეგებს დასვენების შესაძლებლობა გვექნება", – ჰყვებოდა ვარონი.

აგვისტოში ბეირუთში მომხდარმა აფეთქებამ 200-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა და უამრავი მოქალაქე უსახლკაროდ დატოვა, მათ შორის იყო მუსიკოსი რაიმონდ ესაიანი. ფოტოზე ასახულია მუსიკოსი, რომელმაც ნანგრევებიდან პიანინო გამოიტანა და ინსტრუმენტზე დაუკრა.

ფოტოზე ასახულია დანა კლარკი თავის 18 თვის ვაჟთან ერთად. იგი ასეთი აღჭურვილობით რამდენიმე საათის განმავლობაში იდგა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მისაცემად ნიუ ორლეანში მდებარე ერთ–ერთ საარჩევნო უბანზე.

ფოტოზე ასახულია სანტა კლაუსი, რომელიც დანიის Aalborg–ს ზოოპარკში მისულ ბავშვებს დიდი თოვლის გლობუსიდან ესალმება და ამ გზით ულოცავს შობა–ახალ წელს.


