Accentnews.ge
"კარგია, რომ 2021 წლის განმავლობაში მომხმარებლები ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას არ იგრძნობენ"

"კარგია, რომ 2021 წლის განმავლობაში მომხმარებლები ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას არ იგრძნობენ"

29/12/2020 15:40:11 ეკონომიკა

ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის თაობაზე სემეკის გადაწყვეტილებას ეხმიანება და წერს, რომ "სემეკმა გაზარდა ტარიფი ელექტროენერიაზე. წინასაახალწლოდ ეს ნამდვილად არ არის კარგი საჩუქარი, მაგრამ კარგია, რომ 2021 წლის განმავლობაში ადამიანები ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას არ იგრძნობენ და სხვაობას ელექტროენერგიის დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის მთავრობა სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის".

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ თანამედროვე ეკონომიკა დიდწილად არის დამოკიდებული ენერგოინდუსტრიაზე. იმ ქვეყნებში, სადაც წარმოებაა განვითარებული, არის ძალიან მაღალი მოთხოვნა ენერგორესურსებზე და დიდი თანხებიც იდება ენერგეტიკაში. თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალში ეკონომიკა გაიზრდება და ეს ასეც იქნება, ბუნებრივია, მოთხოვნა გაიზრდება როგორც გენერაციაზე (ელექტროენერგიის გამომუშავებაზე), ისე მის მოხმარებაზე,“ - აღნიშნულია პოსტში. გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, საქართველოში ელექტროენერგიის ძირითადი გამომმუშავებელი ჰიდროელექტროსადგურებია, რომლებზეც ელექტროენერგიის გამომუშავების დაახლოებით 80% მოდის. „მზის ენერგია, ქარის ენერგია ჩვენ შეიძლება, გამოვიყენოთ საერთო პანორამისთვის, მაგრამ მაინც არამდგრად დარგებად მიიჩნევა. ჰესების ალტერნატივა არ არის არც მზის ენერგია, არც ქარის ენერგია. ეს შეიძლება იყოს დამატებითი, პატარა ნაწილი. ვიცით, რომ პოლემიკა, ძირითადად, იყო ხოლმე მსხვილ ჰესებზე, რომ ისინი ეკოსისტემაზე ზემოქმედებს, ახდენს ეკოსისტემის ცვლილებას. ბუნებრივია, უნდა დასრულდეს სპელულაციები ბუნების დაზიანებაზე და ამ თემის პოლიტიზირებაც. მით უმეტეს, თუ ჰიდროელექტროსადგურების პროექტები „მწვანე ჰესების“ კონცეფციაში ჯდება და მათი ზეგავლენა ეკოლოგიაზე იქნება მინიმალური" - წერს ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

ექსპერტის განცხადებით, არა მარტო ელექტროენერგიის გამომუშავება ხდება ჰესებით, არამედ ადამიანების დასაქმებაც და ასევე, შესაძლებელია, ტურისტულადაც მომგებიანი იყოს.

„გარემო ისე ეწყობა, შესაძლოა, ტურისტული ნაკადები გააძლიეროს კიდეც,“ - აღნიშნა მან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S