Accentnews.ge
საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

28/12/2020 06:50:51 მსოფლიო, საზოგადოება

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ნავპაქტოსისა და წმიდა ვლასიის მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

იგი გახდა პირველი მართლმადიდებელი სასულიერო პირი საბერძნეთში, რომელმაც ვაქცინა გაიკეთა.

"ვაქცინები ორგანიზმის იმუნურ სისტემას ვირუსების წინააღმდეგ აძლიერებს. მე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას ყოველწლიურად ვიკეთებ. გავიკეთებ ახალ ვაქცინსაც, კომპეტენტური ორგანიზაციების დამტკიცებისა და წმინდა სინოდის გადაწყვეტილებისა და ჩემი მკურნალი ექიმების რჩევების შემდეგ", – აცხადებდა მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი ​კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აცრამდე რამდენიმე დღის ადრე.

სასულიერო პირი BioNTech/Pfizer–ის ვაქცინით აიცრა. საბერძნეთში ისევე, როგორც ევროპის არაერთ ქვეყანაში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი გუშინ დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ 21 დეკემბერს ვატიკანმა კათოლიკეებს​ კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ ​მოუწოდა.

როგორც ვატიკანის "რწმენის დოქტრინის კრების" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "მორალურად მისაღებია COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინებით აცრა მაშინაც კი, თუ მათ წარმოებაში გამოყენებულია აბორტირებული ნაყოფის ქსოვილებიდან აღებული უჯრედული ხაზები".

"ასეთი ვაქცინებით ვაქცინაცია ნებადართულია, რადგან სხვა ალტერნატივა არ არსებობს", – ნათქვამია განცხადებაში.

"რწმენის დოქტრინის კრების" განცხადებაში ნათქვამია, რომ ასეთი ვაქცინების გამოყენება "თავისთავად არ წარმოადგენს აბორტის პრაქტიკის ლეგიტიმაციას, თუნდაც არაპირდაპირი გზით".

იგი ფარმაცევტულ ინდუსტრიას მოუწოდებს, შეიმუშავონ "აბსოლუტურად ეთიკური ვაქცინები", ხოლო მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, "ვაქცინები ღარიბი ქვეყნებისათვის ხელმისაწვდომი იყოს".

დეკემბრის პირველ ნახევარში აშშ–ის "კათოლიკური ეპისკოპოსების კონფერენციამ" (USCCB) გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, "ვაქცინების წარმოებაში გამოყენებულია 1960–იან და 1970–იან წლებში 2 აბორტირებული ნაყოფის ქსოვილებიდან აღებული უჯრედული ხაზები".

ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 81 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 81 149 866 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 772 066ადამიანი იმსხვერპლა. 57 301 531დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 221 605 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 203 547 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 23 77 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S