Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის შემქმნელი დარწმუნებულია, რომ პრეპარატი კორონავირუსის ახალი სახეობის წინააღმდეგ ეფექტიანობას აჩვენებს
22/12/2020 06:35:18 მსოფლიო
Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის ერთ–ერთი შემქმნელი უღურ შაჰინი დარწმუნებულია, რომ პრეპარატი COVID-19–ის ახალი სახეობის წინააღმდეგ ეფექტიანობას აჩვენებს.
"კომპანია BioNTech შეისწავლის მუტაციას უახლოეს დღეებში. თუმცა დარწმუნებული ვარ ჩვენი ვაქცინა ეფექტურ წინააღმდეგობას გაუწევს კორონავირუსის ახალ სახეობას, რომელიც გაერთიანბულ სამეფოში აღმოაჩინეს", – განაცხადა შაჰინმა Bild TV–სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით აცცრები უკვე მიმდინარეობს გაერთიანებულ სამეფოში, აშშ–სა და კანადაში. 21 დეკემბერს ევროკავშირის სარეგულაციო სააგენტომ BioNTech /Pfizer-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ვაქცინაციის პროცესს უახლოეს დღეებში დაიწყებენ.
ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 77 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 77 718 158 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 709 011 ადამიანი იმსხვერპლა. 54 593 404 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 209 462 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 184 668 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2140 გარდაიცვალა.
იხილეთ ასევე: ქვეყნები, სადაც კორონავირუსის ახალი სახეობაა დაფიქსირებული და რა ვიცით ამ დროისთვის შტამის შესახებ


