Accentnews.ge
ქვეყნები, სადაც კორონავირუსის ახალი სახეობაა დაფიქსირებული და რა ვიცით ამ დროისთვის შტამის შესახებ

ქვეყნები, სადაც კორონავირუსის ახალი სახეობაა დაფიქსირებული და რა ვიცით ამ დროისთვის შტამის შესახებ

21/12/2020 13:56:55 მსოფლიო

გაერთიანებული სამეფოს შემდეგ კორონავირუსის ახალი შტამი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა.

ქვეყნები, სადაც ამ დროისთვის კორონავირუსის ახალი შტამია გამოვლენილი:

  • გაერთიანებული სამეფო;
  • იტალია;
  • ავსტრალია;
  • ბელგია;

რა ვიცით ამ დროისთვის კორონავირუსის ახალი სახეობის შესახებ

კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც პირველად გაერთიანებულ სამეფოში აღმოაჩინეს, Covid-19-თან შედარებით დაახლოებით, 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება. ვირუსის ახალ სახეობასა და Covid-19–ს ერთნაირი სიმპტომები აქვთ. როგორც ბრიტანელი მეცნიერები აცხადებენ, ამ ეტაპზე არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ახალი შტამი უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე Covid-19–ის აქამდე არსებული სახეობა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ არ ელოდებიან, რომ კორონავირუსის მუტაცია ვაქცინაზე ან ვაქცინაციაზე რაიმე სახის გავლენას მოახდენს.

„ჯერ–ჯერობით ვერ ვხედავთ დაავადების მიმდინარეობისას გამწვავებას ან კლინიკურ სურათს, მაგრამ კვლევა მიმდინარეობს. არ ველოდებით, რომ ეს რაიმე სახის გავლენას მოახდენს ვაქცინაზე ან ვაქცინაციაზე. როგორც კი გვეცოდინება უფრო მეტი რამ ვირუსის ახალი სახეობის შესახებ, აუცილებლად გავაკეთებთ განცხადებას“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგნელმა მარია ვან კერკოვმა.

როგორც დღეს ლონდონის საიმპერიო კოლეჯის ინფექციური დაავადებების განყოფილების ხელმძღვანელმა პროფესორმა ვენდი ბარკლაიმ განაცხადა, კორონავირუსის ახალ სახეობას, რომელიც ამ დროისთვის გაერთიანებულ სამეფოში ცირკულირებს, უჩველოდ ბევრი მუტაცია აქვს.

"ჩვეულებრივი ვირუსები ერთმანეთისგან ერთი ან ორი ცვლილებით განსხვავდებიან, მაგრამ ახალ შტამს ერთდროულად 22 მუტაცია აქვს. ეს არის ერთგვარი საგანგაშო ზარი, მაგრამ ბიოლოგიურად შესაძლებელია, რომ ვირუსმა შესაძლოა, შეცვალოს მისი ქცევა ამ მუტაციების გამო. ახლა მნიშვნელოვანია, გავიგოთ კიდევ არის თუ არა ეფექტური კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინები კორონავირუსის ამ ახალი სახეობების წინააღმდეგ", – დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულ სამეფოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაცია უკვე რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს.

ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 77 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 77 274 532 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 701 829 ადამიანი იმსხვერპლა. 54 209 103 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 209 462 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 184 668 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2140 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S