ნავალნი: „მე დავურეკე ჩემს მკვლელს. მან აღიარა“ (ვიდეო)
21/12/2020 15:21:35 მსოფლიო
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ მის მოწამლვაში მონაწილე ერთ-ერთ პირს თავად დაუკავშრდა და ამ უკანასკნელმა დანაშაული აღიარა.
ნავალნიმ მისი ორგანიზაციის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ მეშვეობით გამოაქვეყნა ვიდეო სათაურით „მე დავურეკე ჩემს მკვლელს. მან აღიარა“.
ნავალნის თქმით, იგი „ეფესბეს“ სპეციალური ჯგუფის ერთ-ერთ წევრს კონსტანტინ კუდრიავცევს 14 დეკემბერს დაუკავშირდა, თავი უსაფრთხობის საბჭოს ერთ-ერთ თანამშომლად წარუდგინა და უთხრა, რომ დავალებული ჰქონდა 2-გვერდიანი ანგარიშის დაწერა, რომელშიც ჯგუფის წევრთა შეფასებები უნდა ყოფილიყო გაერთიანებული. ნავალნის განცხადებით, სწორედ ამ საბაბით მან კუდრიავცევს სპეცოპრაციის დეტალების შესახებ კითხვები დაუსვა.
ალექსეი ნავალნისთან საუბარში ადამიანმა, რომელიც კონსტანტინ კუდრიავცევად არის ნახსენები, ახსნა, რომ პოლიტიკოსი მოკვდებოდა, რომ არა მისი ოპერატიული დაჯდომა ომსკში და სასწრაფო დახმარების ჯგუფის მიერ მისთვის ორგანიზმში "ატროპინის" შეყვანა. ნავალნისთან თანამოსაუბრემ ასევე თქვა, რომ საწამლავი პოლიტიკოსის ქვედა საცვალზე მოათავსეს. კუდრიავცევი ასახელებს მოწამლვის სხვა სავარაუდო მონაწილეებსაც. მათ შორისაა ვასილი კალაშნიკოვი, რომელიც არ ფიგურირებდა Bellingcat-ს გამოძიებაში. The Insider-ის მონაცემებით, კალაშნიკოვი არის გაზური ქრომატოგრაფიის სპეციალისტი. ესაა ქიმიური ნივთიერების გამოვლენის თანამედროვე მეთოდი, რომელიც გამოიყენება, მაგალითად, ნერვულ-პარალიტიკური შხამის აღმოსაჩენად ბიოლოგიურ სინჯებში.
იხილეთ ასევე: Bellingcat "ეფესბეს" იმ ოფიცრების ვინაობას ასახელებს, რომლებმაც, მისი ცნობით, ნავალნი "ნოვიჩოკით" მოწამლეს
ნავალნი 2020 წლის აგვისტოში მოწამლეს. იგი ამჟამად გერმანიაში იმყოფება და მკურნალობის კურსს გადის. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ რომ მასზე ქიმიური თავდასხმის ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასცა. კრემლი ინციდენტში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს.


