Bellingcat "ეფესბეს" იმ ოფიცრების ვინაობას ასახელებს, რომლებმაც, მისი ცნობით, ნავალნი "ნოვიჩოკით" მოწამლეს
14/12/2020 14:30:53 მსოფლიო
Bellingcat-სა და რამდენიმე მედიასაშუალების მიერ ერთობლივად ჩატარებულმა გამოძიებამ გამოავლინა მტკიცებულებები, რომლებიც, გამოცემების თქმით, აჩვენებს, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ("ეფესბემ") "ნოვიჩოკით" მოწამლა.
„ტელეკომუნიკაციების და მოგზაურობის ბევრი მონაცემის“ შესწავლის შედეგად, გამოძიება - რომელშიც მონაწილეობდნენ რუსეთის საგამოძიებო ვებ–საიტი Insider და ასევე გამოცემები – Der Spiegel და CNN აჩვენებს, რომ ნავალნის მოწამლვა ჯერ კიდევ 2017 წლის დასაწყისიდან იგეგმებოდა.
„2017 წლის დასაწყისიდან 2020 წლის აგვისტომდე "ეფესბეს" მომწამვლელ ნივთიერებებთან მომუშავე, გასაიდუმლოებული უწყების მუშაკები ნავალნის მისი მოგზაურობის დროს უთვალთვალებდნენ. მათ ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან ერთად იფრინეს 30-ზე მეტ პარალელურ რეისზე და, როგორც ჩანს, ტომსკის ოპერაციამდე მისი მოწამლვის, სულ მცირე ორი მცდელობა ჰქონდათ“, - ნათქვამია საგამოძიებო ჯგუფის ერთობლივ განცხადებაში.
დოკუმენტის თანახმად, გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს "ეფესბეს" იმ ოფიცრების იდენტობა, ვინც ნავალნის მოწამლვაში იღებდა მონაწილეობას.
"ეფესბეს" სამი ოფიცერი: ალექსეი ალექსანდროვი (40 წლის), ივან ოსიპოვი (44 წლის) - ორივე ექიმი - და ვლადიმერ პანიაევი (40 წლის). "ეფესბეს" ამ სამმა თანამშრომელმა ნავალნისთან ერთად ნოვოსიბირსკიდან ტომსკში იმგზავრა, სადაც უკვე ის მოწამლეს. გამოძიების თანახმად, ამ სამ ოფიცერს, ოპერაციის ჩატარებისას, ხელმძღვანელობდა "ეფესბეს" მინიმუმ, კიდევ ხუთი თანამშრომელი", – ნათქვამია განცხადებაში.
ნავალნი 2020 წლის აგვისტოში მოწამლეს. იგი ამჟამად გერმანიაში იმყოფება და მკურნალობის კურსს გადის. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ რომ მასზე ქიმიური თავდასხმის ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასცა. კრემლი ინციდენტში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს.


