
თავისუფალმა სამყარომ პუტინს ადგილი მიუჩინა: "სადაც ლიბერალიზმს დასცინიან, მოსახლეობის 12% ქუჩის საპირფარეშოთი სარგებლობს"
02/07/2019 10:46:07 სხვა, მსოფლიო
ლონდონის ყოფილმა მერმა და საგარეო საქმეთა ექს–მინისტრმა ბორის ჯონსონმა, რომელსაც დიდი ბრიტანეთის პრემიერობის ფავორიტ კანდიდატად ასახელებენ, The Telegraph–ში წერილი გამოაქვეყნა, რომლის ადრესატი კრემლი და საკუთრივ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია. ამ პუბლიკაციით ჯონსონი რუსეთის ლიდერის მოსაზრებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ "ლიბერალურმა იდეამ თანამედროვე მსოფლიოში თავისი თავი ამოწურა" და პუტინის განცხადებას "კოლოსალური ბოდვა" უწოდა. "აქცენტი" წერილის ქართულ თარგმანს გთავაზობთ:

"თავისუფალი და ღია საზოგადოება საუკეთესო ადგილი იქნება მსოფლიოში ბიზნესის დასაწყებად, ყველაზე უსაფრთხო ადგილი – ინვესტირებისთვის, საუკეთესო ადგილი ოჯახის შესაქმნელად და ზოგადად, ცხოვრებისთვის. დიდი ბრიტანეთი ამის დამაჯერებელ მაგალითს წარმოადგენს: ბრიტანელებს სოციალური თავისუფლების ორი დამცველი გააჩნიათ – დემოკრატია და კანონის უზენაესობა და ეს ლიბერალური ღირებულებები პირდაპირ კავშირშია სახელმწიფოსა და მასში მცხოვრები მოქალაქეების ეკონომიკურ კეთილდღეობასთან, ხოლო იქ, სადაც პოლიტიკოსს დემოკრატიული გზით თანამდებობიდან ვერ აყენებენ, კვლავაც გავრცელდება კორუფცია, დაქვეითდება ეფექტურობა, გაიზრდება სიღარიბე და ხალხი დაიტანჯება. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ვლადიმირ, მსოფლიოში არსებობენ ქვეყნები, სადაც კაპიტალი ოლიგარქებისა და მათი ლაქიების ხელშია თავმოყრილი, ჟურნალისტებს კლავენ, ლიბერალურ ფასეულობებს დასცინიან, სადაც თავად "როსტატის" მონაცემებით, მოსახლეობის მესამედი წლის განმავლობაში ფეხსაცმელს ვერ ყიდულობს, 12% ქუჩის საპირფარეშოებით სარგებლობს, რეალური შემოსავლებით კი ზედიზედ მეხუთე წელია, იკლებს",– წერს ჯონსონი სტატიაში.
მანამდე პუტინის ხსენებულ განცხადებას ევროსაბჭოს ხელმძღვანელი დონალდ ტუსკი გამოეხმაურა.
"გითხრათ, რამ ამოწურა, ჩემი აზრით, რეალურად საკუთარი თავი? – ავტორიტარიზმმა, პიროვნების კულტმა, ოლიგარქების ძალაუფლებამ, თუნდაც ისინი ეფექტურობას აჩვენებდნენ".
ცნობისთვის: ხსენებული განცხადება პუტინმა G20–ის ქვეყნების ლიდერების შეხვედრამდე The Financial Times–ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.