
ირანი: „აშშ–ის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ამერიკის მოქალაქეები შესაძლოა, სიკვდილით დაისაჯონ“
02/07/2019 10:35:15 სხვა, მსოფლიო
ირანელი პროკურორების განცხადებით, აშშ–ის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ათობით პირი, მათ შორის ამერიკის მოქალქეები შესაძლოა, სიკვდილით დაისაჯოს.
როგორც ირანის სახელმწიფო მედია იუწყება, დაკავებულების უმეტესობას ორმაგი მოქალაქეობა (როგორც აშშ–ის, ისე ირანის) აქვთ და ისინი ირანში ბირთვულ და სამხედრო ნაწილებში საქმიანობდნენ.
„2 დაკავებულს სავარაუდოდ, სამუდამო პატიმრობა ემუქრება, რადგან ისინი სამოქალაქო პირები არიან“, – განაცხადა ირანის ძალოვანი უწყების წარმომადგენელმა გოლამჰოსეინ ესმაილიმ.
ცნობისთვის: ირანსა და აშშ–ის შორის ურთიერთობები უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც ვაშინგტონმა 2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმება დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერთი წლის წინ მიიღო და ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა. 2018 წლის ნოემბერში ამერიკამ სანქციები აღუდგინა ირანს, რომელიც ასევე მოიცავს აკრძალვას ნავთობის შესყიდვაზე. მიმდინარე წლის მაისში კი ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ირანისათვის ნავთობზე დაწესებული სანქციებიდან გამონაკლისები აღარ იქნება. გარდა ამისა, აშშ-მა „ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. ცოტა ხნის წინ კი აშშ-მა რეგიონში ავიამზიდი, სტრატეგიული ბომბდამშენები და დამატებით 1000 ჯარისკაცი განათავსა.
აშშ–ის ქმედებების საპასუხოდ ირანმა ბირთვული შეთანხმების ნაწილის შესრულებაზე უარი განაცხადა. ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის პრეს–პიკერ ბეჰროუზ კამალვანდის თქმით, თეირანმა ბირთული შეთანხმების გადასარჩენად ხელშეკრულების ხელმომწერ ქვეყნებს 60–დღიანი ვადა მაისში მისცა და ის აღარ გახანგრძლივდება.
„მეტ დროს ვერ მოგცემთ, ბოლო ვადა 8 ივლისია. ამის შედეგ გეგმის მიხედვით ვიმოქმედებთ და დავიწყებთ ურანიუმის გამდიდრებას“, – განაცხადა მან.