
საფრანგეთი ირანს აფრთხილებს
02/07/2019 09:31:17 სხვა, მსოფლიო
საფრანგეთი ირანს აფრთხილებს, აღარ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ირანს, სრულად დაიცვას ბირთვული შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და აღარ მიიღოს ისეთი ზომები, რომელიც ამ გარიგებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს“, – ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებაში.
გუშინ ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ირანში გამდიდრებული ურანის მარაგმა ბირთვული შეთანხმებით დაშვებულ რაოდენობას გადააჭარბა. კერძოდ, ურანის რაოდენობამ 300 კილოგრამს გადააჭარბა. სწორედ 300– კილოგრამიანი ზღვარი იყო დაწესებული ბირთვული შეთანხმებით.
ცნობისთვის: 2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას ხელი ირანმა და გაეროს უშიშროების საბჭოს 5-მა მუდმივმა წევრმა (აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა) და მათთან ერთად გერმანიამ მოაწერეს. შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილება აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერთი წლის წინ მიიღო და ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა. 2018 წლის ნოემბერში ამერიკამ სანქციები აღუდგინა ირანს, რომელიც ასევე მოიცავს აკრძალვას ნავთობის შესყიდვაზე. მიმდინარე წლის მაისში კი ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ირანისათვის ნავთობზე დაწესებული სანქციებიდან გამონაკლისები აღარ იქნება. გარდა ამისა, აშშ-მა „ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. ცოტა ხნის წინ კი აშშ-მა რეგიონში ავიამზიდი, სტრატეგიული ბომბდამშენები და დამატებით 1000 ჯარისკაცი განათავსა.
აშშ–ის ქმედებების საპასუხოდ ირანმა ბირთვული შეთანხმების ნაწილის შესრულებაზე უარი განაცხადა. ირანის განცხადებით, ევროპას ძალიან მცირე დრო რჩება იმისათვის, რომ ბირთვული გარიგება გადაარჩინოს.
ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის პრეს–პიკერ ბეჰროუზ კამალვანდის თქმით, თეირანმა ბირთული შეთანხმების გადასარჩენად ხელშეკრულების ხელმომწერ ქვეყნებს 60–დღიანი ვადა მაისში მისცა და ის აღარ გახანგრძლივდება.
„მეტ დროს ვერ მოგცემთ, ბოლო ვადა 8 ივლისია. ამის შედეგ გეგმის მიხედვით ვიმოქმედებთ და დავიწყებთ ურანიუმის გამდიდრებას“, – განაცხადა მან.
ირანის პრეზიდენტმა ევროპას არაერთხელ უსაყვედურა, რომ აშშ–ის ქმედებებზე რეაქცია არ აქვთ და აღნიშნა, რომ ვაშინგტონის მიერ ბირთვული შეთანხმების დატოვებიდან ერთი წლის შემდეგ, ვერ დაინახა ევროპის მიერ მიღებული სერიოზული ზომები.