რატომ ვერ მოხერხდა 29 წლის პაციენტის გადარჩენა
18/12/2020 09:20:15 საზოგადოება
კორონავირუსით გარდაცვლილი 29 წლის გოირგი კაკოშვილის ახლობლები აცხადებენ, რომ ახალგაზრდა ჯანდაცვის გაუმართავმა სისტემამ და დაგვიანებულმა მკურნალობამ იმსხვერპლა. კერძოდ, მათი მონათხრობიდან ირკვევა, რომ ჰოსპიტალიზაციამდე იკაკოშვილი ორ სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა, მათგან ერთგან ბრონხიტის დიაგნოზი დაუსვეს, მეორეგან ფილტვების ანთების, მესამე სამედიცინო დაწესებულებაში კი ახალგაზრდა ფილტვების 100%–იანი დაზიანებით შევიდა.
„გიორგი შსს თანამშრომელი იყო და სამსახურში გაცივდა. სადაზღვეოს ექიმმა ტესტი გაუკეთა, მაგრამ კორონავირუსი არ დაუდასტურდა და უთხრეს, რომ ბრონხიტი ჰქონდა. ვინაიდან გიორგიმ თავი კვლავ ცუდად იგრძნო, ორი დღის შემდეგ სხვა კლინიკაში მივიდა. იქ უთხრეს, რომ ფილტვების ანთება ჰქონდა და დაუნიშნეს ანტიბიოტიკები“,– ჰყვებიან ახალგაზრდის ახლობლები.
10 დეკემბერს, მდგომარეობის გართულების შემდეგ ახალგაზრდა კაცი რუსთავის კლინიკაში შეიყვანეს, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად შეფასდა.
„პაციენტს ტესტირებით კოვიდინფექცია დადასტურდა. პაციენტი იყო კრიტიკულ მდგომარეობაში – ფილტვების 100% იყო დაზიანებული. მკურნალობა შეთანხმდა კლინიკურ ჯგუფთან, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მართავს პროცესს. მაგრამ მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“,– განაცხადეს კლინიკაში.
აღნიშნული საქმის შესახებ ჟურნალისტებმა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს ჰკითხეს.
მინისტრი ამბობს, რომ „ქეისს“ სპეციალური კომისია შეისწავლის.
კითხვაზე, რომ მსგავსი კომისიების მიერ საქმეების შესწავლის თაობაზე უკვე რამდენიმეჯერ გაკეთდა განცხადება, თუმცა დასკვნა ამ დრომდე საზოგადოებისთვის არც ერთ შემთხვევაში არაა ცნობილი, მინისტრმა უპასუხა, რომ კომისიები არა ერთი და ორი პაციენტისთვის, არამედ იმისთვის იქმნება, რომ შეისწავლოს ყველა ლეტალური შემთხვევა, რათა მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესდეს და ოჯახს კითხვებზე პასუხები გაეცეს.
ცნობისთვის: კომისიის მხრიდან პასუხებს ელის მათ შორის, 19 წლის თეკლა თორდიას ოჯახიც, რომლის გარდაცვალების შესახებ საზოგადოებისთვის 30 იანვარს გახდა ცნობილი. ის კლინიკაში კოვიდ–სასტუმროდან გადაიყვანეს. ოჯახი დაგვიანებულ მკურნალობასა და სისტემის გაუმართაობაზე ამახვილებდა ყურადღებას.


