კალაძემ თბილისის მთავარი ნაძვის ხე აანთო (ვიდეო)
17/12/2020 16:34:52 საზოგადოება
თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან თბილისის მთავარი ნაძვის ხე მაყურებლების გარეშე აანთო.
“მინდა ბოდიში მოგიხადოთ, რომ ახლა აქ არ ხართ, მაგრამ დღეს ასეა საჭირო, რათა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს”, – განაცხადა კალაძემ.
"ალბათ, იცით ბავშვებო ამბავი ძალიან ლამაზ და მამაც გოგონაზე, რომელმაც სძლია უდიდეს ბოროტებას და პატარების მფარველად იქცა. დღეს ბარბარობაა და მინდა მოგილოცოთ. ჩემო პატარა მეგობრებო, გჯეროდეთ, არ არსებობს ბოროტება, რომლის დაძლევასაც ვერ შევძლებთ სიყვარულით, ერთმანეთის თანადგომითა და სოლიდარობით. პირველად ცხოვრებაში და იმედი მაქვს ერთადერთხელ, ნაძვის ხის ანთების ღონისძიება ომის გამოცხადებით უნდა დავიწყო. დიახ, არ მოგესმათ - ჩვენ, ყველამ ერთად ომი უნდა გამოვუცხადოთ პანდემიას და ამ საზიზღარ ვირუსს, იცოდეს, რომ არ გვეშინია, არ დავნებდებით! ეს საახალწლო განათებები, ეს ნაძვის ხის ანთების ტრადიციული რიტუალი არის არა მარტო ზეიმის, ახალი წლის, ახალი იმედების ტრადიციული აღნიშვნა, არამედ გამოწვევა, არშეგუება იმ რეალობასთან, რაც ამ ვირუსმა მოგვიწყო. ჩვენ წელს ვაცხადებთ სოლიდარობის ქალაქად თბილისს, ვინაიდან მხოლოდ ერთმანეთის გვერდში დგომა, დახმარება, ნუგეშისცემა გადაგვალახინებს იმ დაბრკოლებებს და სტრესს, რაც ამ პანდემიის პირობებში გვაქვს ქვეყანაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
წელს საახალწლო სოფელი არ მოეწყობა, ის თანხები კი, რაც სოფელზე უნდა დახარჯულიყო, კალაძის თქმით, იმ ადამიანებს მოხმარდება, ვისაც ყველაზე მეტად გაუჭირდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, მთავარი კონცერტი 31 დეკემბერს გაიმართება, რომელსაც მაყურებელი ვერ დაესწრება და მას პირდაპირ ეთერში გადასცემენ.
საახალწლო კონცერტები თბილისში 6 და 14 იანვარსაც გაიმართება და ეს კონცერტებიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა. თბილისის მერია მთავარი საახალწლო ნაძვის ხის ტოტების გადაკეთებასა და ახალი გირლანდის შეძენაში 195 800 ლარის, ხოლო საახალწლო კონცერტში 491 000 ლარის დახარჯვას გეგმავს.


