"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები თეა წულუკიანს პასუხობენ
17/12/2020 12:06:08 საზოგადოება
ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი, ასევე მათი ადვოკატი კახა კოჟორიძე „რუსთავი2-ის“ საქმეზე იუსტიციის ყოფილი მინისტრის, დეპუტატ თეა წულუკიანის განცხადებას შემაშფოთებლად მიიჩნევენ და მის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებენ. ისინი რამდენიმე გარემოების განმარტებით პასუხობენ თეა წულუკიანს, რომელმაც "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, რომ "ქართულ ოცნებას" და მის იუსტიციის სამინისტროს კი არ ეძინათ, არამედ ბევრი იშრომეს, რომ "რუსთავი 2" მის მესაკუთრეს დაბრუნებოდა.
,,რუსთავი 2“ დაუბრუნდა არა მის დამფუძნებლებსა და კანონიერ მესაკუთრეებს, არამედ ბატონ ქიბარ ხალვაშს, რომელიც მისივე აღიარებით იყო 2004 წელს ტელეკომპანიის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების უშუალო მონაწილე და იმდროინდელი ხელისუფლების დაკვეთის შემსრულებელი. შესაბამისად, ხალვაშისთვის რუსთავი 2-ის გადაცემა სამართლიანობის აღდგენა კი არ არის, არამედ არის გაუკუღმართებული შეხედულება სამართლიანობაზე”, - აღნიშნავენ წერილის ავტორები.
ისინი ვრცელ განცხადებაში შერჩევით სამართალზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ მათი სარჩელის განსახილველად დღემდე არც ერთი სასამართლო სხდომა არ ჩატარებულა:
„როგორც ცნობილია, 2019 წელს ჩვენ ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ სარჩელი შევიტანეთ სასამართლოში და მოვითხოვეთ რუსთავი 2-ის 60% წილის დაბრუნება. გვსურს ვაცნობოთ დაინტერესებულ საზოგადოებას, რომ ჩვენს სარჩელზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღემდე არცერთი პროცესი არ ჩატარებულა და არც ის არის ცნობილი, თუ როდის იქნება პირველი სხდომა. შედარებისთვის უნდა გავიხსენოთ, რომ როდესაც ,,ქართულ ოცნებას“, ქალბატონი თეას სიტყვებით რომ ვთქვათ, ,,არ ეძინა“, ქიბარ ხალვაშის 2015 წელს შეტანილ სარჩელზე საქალაქო სასამართლომ ზუსტად 3 თვეში ჩაატარა არაერთი სხდომა და მიიღო ხალვაშის სასარგებლო გადაწყვეტილება. აღნიშნულ საქმეზე ერთი და იმავე სასამართლოს რადიკალურად განსხვავებული მიდგომა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყანაში არსებულ უსამართლობას და შერჩევით სამართალს. ხელისუფლების ინტერესი ხალვაშის სარჩელის შემთხვევაში იყო დავის სწრაფად განხილვა და ასეც მოხდა: დაახლოებით წელიწადნახევარში სასამართლოს სამივე ინსტანციამ, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის ჩათვლით, მიიღო გადაწყვეტილება. ეს იყო რეკორდულად სწრაფი დრო ქართული სასამართლოს ისტორიაში, რასაც ანალოგი არ მოეპოვება. ჩვენი სარჩელის შემთხვევაში კი ხელისუფლების ინტერესია პროცესის გაჭიანურება და შედეგად დღემდე არცერთი სხდომა არ ჩატარებულა”.
განცხადებაში საუბარია ასევე იმაზე, რომ "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლების განცხადება თაროზეა შემოდებული პროკურატურაშიც:
”2012 წელს ჩვენ საქართველოს პროკურატურაში შევიტანეთ განცხადება 2004 წელს მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტების გამოძიების მოთხოვნით. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და რუსთავი 2-ის დამფუძნებლები დაზარალებულებადაც გვცნეს, მაგრამ შემდეგ საქმე ,,დააძინეს“ და პროკურატურის ბნელ და მტვრიან თაროზე შემოდეს. რატომ მოიქცა პროკურატურა ასე? პასუხი მარტივია: სისხლის სამართლის წესით დამნაშავეების დადგენა გაამარტივებდა იმას, რომ რუსთავი 2 მის კანონიერ მესაკუთრეებს დაბრუნებოდა, რაც არ შედიოდა ,,ქართული ოცნების“ ინტერესებში“.
განცხადების ავტორების თქმით, სამართლიანობა მხოლოდ მას შემდეგ აღდგება, რაც "რუსთავი 2" მის დამფუძნებლებს დაუბრუნდებათ:
„ჩვენ მოთმინებით ველით თუ როდის გაიღვიძებს სასამართლო და დაიწყებს ჩვენი სარჩელის განხილვას. ვითხოვთ ერთადერთ რამეს: სამართლიან სასამართლოს! კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მას შემდეგ, რაც წართმეული რუსთავი 2 დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს”.


