იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი: "მთავრობამ დიდი ქალაქები მთლიანად უნდა ჩაკეტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეროვნული ტრაგედია გვემუქრება"
17/12/2020 08:37:24 მსოფლიო
იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი ვალტერ რიკიარდი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მძიმე ეპიდვითარებაა და თუ ხელისუფლება მკაცრ ზომებს არ მიიღებს, იტალიას "ეროვნული ტრაგედია" ემუქრება.
"ნიდერლანდებმა, რომელსაც 2–ჯერ უფრო მცირე რაოდენობის გარდაცვლილი ჰყავს, ვიდრე იტალიას, დაკეტა ქვეყანა; გერმანიამ, რომელსაც 3–ჯერ უფრო მცირე რაოდენობის გარდაცვლილი ჰყავს, ვიდრე იტალიას, გამოაცხადა "ლოქდაუნი". თუ ჩვენც არ მივიღებთ ადეკვატურ ზომებს, ეროვნული ტრაგედია გვემუქრება. მთავრობამ დიდი ქალაქები მთლიანად უნდა ჩაკეტოს. ხალხი ამას ვერ აცნობიერებს, მაგრამ ჩვენ ვართ ომში. ბოლოს ასეთი მსხვერპლი ქვეყანაში ომის დროს გვქონდა, როცა ჩვენი ქალაქები იბომბებოდა", – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველმა.
იტალიის სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო იმის შემდეგ პირველად, ქვეყნაში 2020 წელს გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის მიუხედავად, იტალიას პანდემიის მეორე ტალღის დროს ქვეყნის ხელმეორედ ჩაკეტვის გადაწყვეტილება არ მიუღია. როგორც პრემიერ–მინისტრი ჯუზეპე კონტე აცხადებს, იტალიის ეკონომიკა კიდევ ერთ საყოველთაო "ლოქდაუნს" ვეღარ გაუძლებს.
ქვეყანაში ამჟამად მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს, ისევ დახურულია რესტორნები, ბარები, გასართობი და სპორტული დაწესებულებები. ქვეყნის 20 რეგიონიდან რამდენიმე ჩაკეტილია. რეგიონის ჩაკეტვის გადაწყვეტილებას მისი მმართველი იტალიის ცენტრალური მთავრობისგან დამოუკიდებლად, ადგილზე არსებული ეპიდვითარების შეფასების შემდეგ იღებს.
პრემიერ–მინიტრ ჯუზეპე კონტეს ბრძანებულების თანახმად,
- იკრძალება გადაადგილება ქვეყნის რეგიონებს შორის (გამონაკლისია სამსახურეობრივი, ჯანდაცვასთან ან გადაუდებელ საჭიროებასთან დაკავშირებული შემთხვევა);
- იკრძალება ერთი რეგიონის ქალაქებს შორის გადაადგილებაც (გამონაკლისია სამსახურეობრივი, ჯანდაცვასთან ან გადაუდებელ საჭიროებასთან დაკავშირებული შემთხვევა);
აღნიშნული ღონისძიება ძალაში 20 დეკემბრიდან 6 იანვრამდე იქნება.
ეკლესიებში საშობაო მსახურება ნებადართულია, თუმცა მრევლს სახლებში წასვლა "კომენდანტის საათის" ამოქმედებამდე მოუწევს.
გარდა ამისა, ქვეყანაში ზამთრის კურორტები 7 იანვრამდე დაკეტილი რჩება.
10 დეკემბრიდან 21 დეკემბრამდე ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან იტალიაში შობა–ახალი წლისთვის დაბრუნებული თანამოქალაქეები, ვალდებულები იქნებიან აეროპორტში წარადგინონ დოკუმენტი, რომ მათ კორონავირუსი არ აქვთ. ხოლო იმ თანამოქალაქეებს, რომლებიც 10 დეკემბრიდან 21 დეკემბრამდე პერიოდში იტალიაში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ჩავლენ, 14–დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. 21 დეკემბრიდან 6 იანვრამდე პერიოდში იტალიაში ჩასული ნებისმიერი თანამოქალაქე ვალდებულია 14–დღიანი კარანტინი გაიაროს.
პრემიერ– მინისტრმა ჯუზეპე კონტემ მოუწოდა იტალიელებს, რომ დღესასწაულების პერიოდში "უპასუხისმგებლო" შეკრებებიდა თავიდან აიცილონ და თქვა, რომ მთავრობამ შესაძლოა, ამჟამინდელ შეზღუდვებში "მცირე კორექტირება" შეიტანოს.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, იტალიაში დადასტურებული კოვიდ–ინფიცირების 1 800 000–ზე მეტი შემთხვევა, გარდაიცავალა 65 857 პირი. კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობით იტალიას მსოფლიოში მე–5 ადგილი უკავია.
რაც შეეხება კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყების პროცესს, ქვეყანაში აღნიშნული დეკემბრის ბოლო კვირიდან იგეგმება.


