Reuters – COVAX–ის პროგრამა, რომლის მეშვეობით საქართველო კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებას გეგმავს, ჩავარდნის საფრთხის წინაშეა
17/12/2020 06:50:31 საზოგადოება
ღარიბი და განვითარებადი ქვეყნებისთვის კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდების პროექტი ჩავარდნის საფრთხის წინაშეა, მილიარდობით ადამიანს პრეპარატზე წვდომა შესაძლოა, 2024 წლამდე არ ჰქონდეს – იუწყება Reuters GAVI –ს (მთავრობების, წამყვანი ფარმაცევტული კომპანიების, საქველმოქმედო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ალიანსი, რომელიც აწყობს ვაქცინაციის გლობალურ კამპანიებს) დოკუმენტზე დაყრდნობით.
"COVAX–ის პლატფორმის წარუმატებლობის რისკი ძალიან მაღალია. COVAX დაფინანსების ნაკლებობას განიცდის. გარდა ამისა, არსებობს მომარაგების რისკები და რთული სახელშეკრულებო შეთანხმებები, რაც შეუძლებელს გახდის მისი მიზნების მიღწევას", – აღნიშნულია "Gavi" –ს დოკუმენტში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის COVAX პლატფორმა არის მთავარი გლობალური სქემა მსოფლიოს ღარიბ და განვითარებად ქვეყნებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის. იგი 91 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს აერთიანებს. პლატფორმის მიზანია 91 ქვეყანას კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის 2 მილიარდი დოზა 2021 წლის ბოლომდე მიაწოდოს.
ცნობისთვის: საქართველოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანას 2021 წლის გაზაფხულისთვის ვარაუდობენ. COVAX–ის პლატფორმისგან საქართველო 700 000 ადამიანის ასაცრელად საჭირო დოზის შეძენას გეგმავს. თანხის ნაწილი ქვეყანამ უკვე გადაიხადა.
გარდა ამისა, 8 დეკემბერს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ "მიმდინარეობს პარალელური პროცესი საგარეო საქმეთა სამინისტროს და სამთავრობო არხებით, რომ გარკვეული, მარეგულირებლების მიერ დამტკიცებული ერთ-ერთი ვაქცინა შემოტანილი იქნეს უფრო ადრე, იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში".
"მდიდარი ქვეყნების მთავრობები ღარიბ სახელმწიფოებს ვაქცინის ხელმისაწვდომობის გარეშე დატოვებს. მდიდარმა ქვეყნებმა, სადაც მსოფლიო მოსახლეობის 14% ცხოვრობს, ყველაზე პერსპექტიული კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინების 53% უკვე დაირეზერვეს. ვაქცინის ყველაზე მეტი დოზა კანადამ შეიძინა. რაოდენობა იმდენია, რომ ერთ კანადელზე 5–ჯერ აცრისთვის საკმარისი დოზა მოდის. მდიდარ ქვეყნებს ვაქცინის იმდენი დოზა აქვთ შეძენილი, რომელიც ერთი მოქალაქის 3–ჯერ აცრისთვისაა საკმარისი მაშინ, როცა განვითარებად ქვეყნებში ჯანდაცვის მუშაკებსა და რისკ–ჯგუფებში შემავალ პირებს ვერ ცრიან", – აცხადებენ "ვაქცინების ალიანსში".
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 198 387 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 167 281 პაციენტი გამოჯანმრთელდა,1 922 გარდაიცვალა.


