"ვაქცინების ალიანსი": "განვითარებად ქვეყნებში 10–დან 9 ადამიანი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით 2021 წელს სავარაუდოდ, ვერ აიცრება"
09/12/2020 08:07:19 მსოფლიო
"მსოფლიოში დაახლოებით, 70 განვითარებად ქვეყანაში 10–დან 9 ადამიანი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით 2021 წელს სავარაუდოდ, ვერ აიცრება", – ამის შესახებ ინფორმაციას "ვაქცინების ალიანსი" (People's Vaccine Alliance) ავრცელებს.
"მდიდარი ქვეყნების მთავრობები ღარიბ სახელმწიფოებს ვაქცინის ხელმისაწვდომობის გარეშე დატოვებს. მდიდარმა ქვეყნებმა, სადაც მსოფლიო მოსახლეობის 14% ცხოვრობს, ყველაზე პერსპექტიული კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინების 53% უკვე დაირეზერვეს. ვაქცინის ყველაზე მეტი დოზა კანადამ შეიძინა. რაოდენობა იმდენია, რომ ერთ კანადელზე 5–ჯერ აცრისთვის საკმარისი დოზა მოდის. მდიდარ ქვეყნებს ვაქცინის იმდენი დოზა აქვთ შეძენილი, რომელიც ერთი მოქალაქის 3–ჯერ აცრისთვისაა საკმარისი მაშინ, როცა განვითარებად ქვეყნებში ჯანდაცვის მუშაკებსა და რისკ–ჯგუფებში შემავალ პირებს ვერ ცრიან", – აცხადებენ "ვაქცინების ალიანსში".
მისივე ცნობით, ყველაზე პერსპექტიული კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინებიდან მხოლოდ ერთი იქნება ხელმისაწდომი ღარიბი ქვეყნებისთვის:
"Pfizer/BioNTech–ის ვაქცინის 96% მდიდარ ქვეყნებზეა გადანაწილებული. ასეთივე ვითარებაა Moderna–ს ვაქცინასთან დაკავშირებით. რაც შეეხება AstraZeneca–ს, რომელმაც პრეპარატი ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად შექმნა, მისი ვაქცინა განვითარებადი ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომი იქნება. თუმცა მხოლოდ ერთო კომპანია ვერ შეძლებს მსოფლიოში არსებული ღარიბი ქვეყნების მოთხოვნის დაკმაყოფილებას".
როგორც "ვაქცინების ალიანსში" მიიჩნევენ, ”არავის უნდა აეკრძალოს ვაქცინის მიღება იმის გამო, რომ ისინი განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობენ":
"თუ მკვეთრი ცვლილებები არ მოხდა, მსოფლიოში მილიარდობით ადამიანი კოვიდ–საწინააღმდეგო უსაფრთხო და ეფექტურ ვაქცინას წლების განმავლობაში ვერ მიიღებენ".
ცნობისთვის: "ვაქცინების ალიანსი" სამ ორგანიზაციას – Amnesty International–ს, Oxfam–სა და Global Justice Now–ს აერთიანებს.


