
აქუბარდია – დემონსტრანტებს: "იმპერიალისტებთან უცნაურ ტანგოს ცეკვავს ჩვენი ბიძინა ივანიშვილი"
01/07/2019 19:02:12 სხვა, საზოგადოება
თბილისში პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ დემონსტრანტებს ტელეკომპანია „კავკასიის“ დამფუძნებელმა დავით აქუბარდიამ მიმართა. მისი თქმით, "დღეს რუსები სხვანი არიან და მათი პოლიტიკური ელიტა იმპერიალისტებით არის დაკომპლექტებული.
„ამ იმპერიალისტებთან რატომღაც უცნაურ ტანგოს ცეკვავს ჩვენი ბიძინა ივანიშვილი. ეს არის პრობლემა ჩვენი და მართლა უნდა გაიმიჯნოს. გულწრფელად ვამბობ, გავმიჯნოთ უნდა მათი იმპერიული, აგრესიული წიაღსვლები და ჩვენი ხელისუფლების უბედურება და საშინელება. უწვებიან და ცუდს აკეთებენ. ორჯონიკიძე მონაგონია. ალბათ გეხსომებათ, სტალინმა რომ ორჯონიკიძეს წერილი მისწერა, დასტურია, აიღე ქალაქიო. არც პუტინია სტალინი და არც ბიძინა ივანიშვილია ორჯონიკიძე, ან არ გამოსდის იმიტომ, რომ თქვენ ხართ აქ. ჩვენი ახალგაზრდობა დგას აქ და მე მეამაყებით ყველანი. მივმართავ მშობლებს, თქვენი შვილები ახლა გამოცდებს აბარებენ და თქვენ გამოდით აქციებზე და თქვენ დაუდექით ამ აქციას“, – განაცხადა აქუბარდიამ.
ცნობისთვის: რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა.
რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით დანიშვნას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, 2 პირი კი ამ დრომდე მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა, 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ, ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება.
სწორედ ზემოაღნიშნული მოვლენების შემდგომ, 21 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე, 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.