
მე–10 მოწვევის პარლამენტის I ინიციატივა საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუცია იქნება
15/12/2020 09:52:26 საგარეო პოლიტიკა
საქართველოს მე–10 მოწვევის პარლამენტის I ინიციატივა საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუცია იქნება. ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მან ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც „პროდასავლურად მიიჩნევენ თავს“ მოუწოდა, რომ პარლამენტში ამ რეზოლუციის განხილვას შეუერთდნენ.
„ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანაა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაცია. ამ მიზნით მეათე მოწვევის პარლამენტი დინამიურად ჩერთვება საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაში და გამოიყენებს ყველა საერთაშორისო საპარლამენტო პლატფორმას ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის გამყრებაში და დეოკუპაციაში. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით, კონფლიქტების მშიდობიანი დარეგულირების საქმეში ხელშესახები შედეგები მივიღოთ", – განაცხადა სამხარაძემ.
მისი თქმით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ხელისუფლება “განახლებული ენერგიით” შეუდგება ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის დროულ და ქმედით განხორციელებას და ინსტიტუციურ დაახლოებას:
"ქვეყანა განაგრძობს სვლას ევროკავშირში სრული ინტეგრაციისკენ რაც პირდაპირ ეხმიანება საქართველოს კონსტიტუციას და „ქართული ოცნების“ საპროგრამო განაცხადს, რაც გულისხმობს სტრატეგიულ მზაობას 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანას".
მისი თქმით, ხელისუფლებას მოლოდინი აქვს, რომ მომავალი წლიდან აშშ-სა და ევროპის ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა ახალ ნიშნულზე გადავა და ტრანსატლანტიკური ერთობა ახალ მუხტს მისცემს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას:
"აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული ურთიერთობა ისტორიულად ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, რაც ბოლო წლებში ჩვენი აქტიური მუშაობის შედეგია. მე-10 მოწვევის პარლამენტის პრიორიტეტად დაისახავს ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და აშშ-ის უფრო აქტიურ ჩართულობას შავი ზღვის და საქართველოს გეოსტრატეგიულ არეალში. საპარლამენტო დიპლომატია საკვანძო როლს შეასრულებს საგარეო ასპარეზზე საქართველოს ინტერესების მიღწევაში და ამისთვის გამოვიყენებთ ყველა არსებულ მექანიზმს. მზარდი ანტიამერიკული და ანტიევროპული ისტერიის ფონზე, რომელსაც ოპოზიის ცალკეული ოდიოზური ლიდერები მიმართავენ, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურმა ძალებმა, რომლებიც თავიანთ თავს პროდასავლურად მიიჩნევენ, დაგმონ ეს კამპანია და შემოუერთდნენ ამ ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუციის საპარლამენტო ტრიბუნაზე განხილვას,“- განაცხადა სამხარაძემ.