
მთავრობა მის დაქვემდებარებაში ახალგაზრდულ პლატფორმას ქმნის
30/06/2019 18:51:32 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა მის დაქვემდებარებაში ახალგაზრდულ პლატფორმას ქმნის. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილის საპასუხოდ განაცხადა.
„ქვეყნის მომავალი თქვენს ხელშია და საარჩევნო ბარიერის გაუქმებით თქვენ, ახალგაზრდებს გეძლევათ პოლიტიკაში შემოსვლისა და ქვეყნის მმართველობით პროცესში ჩართვის მეტი შანსი. ასევე, მინდა გითხრათ, რომ მთავრობის დაქვემდებარებაში იქმნება ახალგაზრდული პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს ახალგაზრდობისთვის საინტერესო ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას. მოხარული ვიქნები, თქვენთან შეხვედრით და თანამშრომლობის შესაძლებლობით. ჩვენთვის თქვენი პოზიცია ყოველთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - აღნიშნულია პრემიერის მიმართვაში.
ცნობისთვის: 31 ივნისს 35–მა სტუდენტმა ღია წერილი გაავრცელა, რომლის ადრესატი “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია.
წერილში სტუდენტები მიესალმებიან არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. ისინი მთავრობას მოუწოდებენ, “არ დაიშუროთ ძალისხმევა, რათა ხელისუფლების სიმბოლოდ არ იქცეს თვალებდაკარგული ახალგაზრდები,” და საფრთხე არ შეექმნას ქვეყნის მრავალ მონაპოვარს – უვიზო მიმოსვლას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას.
“დღეს შესაძლოა, ყველა ეს მნიშვნელოვანი მონაპოვარი საფრთხის ქვეშ დადგეს. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ობიექტურად შეფასებული 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენები. თუ ვთანხმდებით სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობის აუცილებლობაზე, დასაგმობი და კატეგორიულად მიუღებელია სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმის მიტანა, თუმცა ამავდროულად, დაუშვებელი და გაუმართლებელია სახელმწიფოს მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენება ახალგაზრდების მიმართ. არ დაიშუროთ ძალისხმევა, რათა ხელისუფლების სიმბოლოდ არ იქცეს თვალებდაკარგული ახალგაზრდები.
სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისაგან შემდგარმა საინიციატივო ჯგუფმა უკვე არაერთხელ მიმართა პრემიერ-მინისტრს, შექმნილიყო საქართველოს მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო, რომლის უპირველესი მიზანი იქნება სწორედ კომუნიკაციის გაძლიერება მთავრობასა და ახალგაზრდებს შორის. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, დაუჭირეთ მხარი ამ ფორმატის შექმნას. დიალოგი ახალგაზრდებსა და ხელისუფლებას შორის ერთადერთი გზაა, თავიდან ავიცილოთ ესკალაცია და შევინარჩუნოთ სტაბილურობა ქვეყანაში.
ბატონო ბიძინა, ჩვენთვის პრიორიტეტულია, ქვეყანაში არსებობდეს სტაბილური გარემო, რაც მისი განვითარების წინაპირობაა. ჩვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეები, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას და ქვეყნისათვის ამ მნიშვნელოვან მომენტში გამოვთქვამთ მზაობას დიალოგისა და კონსტრუქციული მუშაობისთვის”, – წერენ სტუდენტები.