
„კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ქარხანაზე რუსეთის დროშა ფრიალებს
01/07/2019 14:02:27 სხვა, საზოგადოება
ღვინის კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ქარხანაზე რუსეთის დროშა ფრიალებს. ფოტოები ონლაინგამოცემა „ლაბორატორიის“ ჟურნალისტმა 30 ივნისს გადაიღო. „ლაბორატორია“ განმარტების მოსასმენად კომპანიის წარმომადგენელს ნანა რატიანიძეს დაუკავშირდა. მან განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი მის კომპეტენციას სცილდებოდა და შესაბამის პირს დაგვაკავშირებდა, თუმცა უშედეგოდ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კომპანია "კახური ტრადიციული მეღვინეობის" 100 %-იან წილს ფლობს ბიზნესმენი ზურაბ ჩხაიძე.
ცნობისთვის: ერთი თვის წინ ციხისძირში მდებარე სასტუმრო „კასტელო მარეს“ მიერ ეზოში რუსეთის დროშის აღმართვას საზოგადოების მხრიდან მკაცრი პროტესტი მოჰყვა. რის შემდეგაც სასტუმროს ადმინისტრაციამ ბოდიში მოიხადა და დროშა ჩამოხსნა; 26 მაისს ბათუმის ქუჩებში რუსული დროშიც ფრიალს კი აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენება მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ უცხო ქვეყნის დროში აღმართვა, რომელთანაც საქართველოს კონფლიქტი ან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვს, კანონით დარეგულირდება. აღნიშნულ კანონპროექტზე ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მუშაობს.
“რაც მომავალში გამორიცხავს გაუგებრობებს, დაკავშირებულს უცხო ქვეყნის დროშების, მათ შორის იმ სახელმწიფოს დროშის აღმართვა-გამოფენასთან, რომელსაც საქართველოსთან არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები ან აქვს კონფლიქტი,” – წერია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს განცხადებაში.
საქართველოს ამ დროისთვის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვს რუსეთსა და სირიასთან.