Accentnews.ge
როდის მიიღო პარლამენტის თავმჯდომარემ გადადგომის გადაწყვეტილება: კობახიძის კომენტარი

როდის მიიღო პარლამენტის თავმჯდომარემ გადადგომის გადაწყვეტილება: კობახიძის კომენტარი

01/07/2019 13:05:08 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე რუსი დეპუტატის ყოფნა ძალიან მძიმე მოვლენა იყო და საბოლოო პასუხისმგებლობა მაინც პარლამენტის თავმჯდომარემდე მიდის. 

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მან გადადგომის გადაწყვეტილება იმ დღესვე მიიღო. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, მაშ რატომ განაცხადა 20 ივნისს პირდაპირ ეთერში, რომ გადადგომის თაობაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებდა. კობახიძემ უპასუხა, რომ ეს ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ მისი გადადგომის მოთხოვნაზე რეაქცია იყო და არა გადადგომაზე უარის თქმა.

"თუ საუბარია იმაზე, რაც 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში მოხდა, იყო სხვადასხვა ნიუანსი, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. როდესაც პარლამენტში მოხდა ის, რაც მოხდა, საბოლოო ჯამში პარლამენტის თავმჯდომარე სრულად არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც პარლამენტის შენობაში ხდება. აქედან გამომდინარე, პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე რუსი დეპუტატის ჯდომა ძალიან მძიმე მოვლენა იყო და საბოლოო პასუხისმგებლობა მაინც პარლამენტის თავმჯდომარემდე მიდის. ზუსტად ამის გამო მივიღე პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად უნდა მიმეღო. დღემდე ეს არის ჩემი პოზიცია“, - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძე ირწმუნება, რომ გადადგომაზე უარი არც ერთხელ არ უთქვამს.

„როდესაც კითხვა დაისვა იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები ითხოვდნენ ჩემს გადადგომას, ამაზე გავაკეთე რეაქცია და ეს რეაქცია აბსოლუტურად ბუნებრივი იყო“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე ინფორმაციით, პირველი ადამიანი, რომელთანაც მან გადადგომის შესახებ კონსულტაციები გაიარა და ვისაც საკუთარი გადაწყვეტილება გააცნო, ბიძინა ივანიშვილი იყო.

"იმავე დღეს მყარი პოზიცია მქონდა, რომელიც ჩვენს გუნდს შევთავაზე. აქ ორი ნიუანსი იყო. ერთი, რომ სხვა ქვეყანაში ვიყავი და იქ ყოფნისას ასეთი გადაწყვეტილების გახმოვანება არ არის სწორი და მეორე ნიუანსი - შემომთავაზეს ამ საკითხზე გუნდთან ერთად კიდევ ერთხელ მსჯელობა. შესაბამისად, ჩემი ვიზიტი შევწყვიტე, უახლოესი რეისით დავბრუნდი საქართველოში, პოლიტსაბჭოს ფორმატში კიდევ ერთხელ შედგა მსჯელობა და მე წარვადგინე ჩემი ინიციატივა და პოზიცია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში კონსულტაცია მქონდა და ინიციატივა შევთავაზე პარტიის თავმჯდომარეს,"- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის: რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. 

რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით დანიშვნას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, 2 პირი კი ამ დრომდე მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

სწორედ ზემოაღნიშნული მოვლენების შემდგომ, 21 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე, 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S