
მედვედევმა აღიარა, რომ რუსეთის მოქალაქეები მმართველ პარტიას აღარ ენდობიან
01/07/2019 12:58:53 სხვა, მსოფლიო
რუსეთის პრემიერ–მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა გაზეთ „იზვესტიაში“ წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც მმართველი პარტიისადმი მოსახლეობის ნდობის დეფიციტი აღიარა.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, ეს დეფიციტი ჯერ კიდევ 2018 წლის რეგიონულმა არჩევნებმა გამოააშკარავა:
„იმ რეგიონებში, სადაც მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთი“ საზოგადოებას ნაკლებად უსმენდა, პარტიას საარჩევნო კრახი ელოდა. ხალხი საარჩევნო უბნებზე უბრალოდ არ გადიოდა, ხოლო ვინც გადიოდა, მმართველი არტიის წინააღმდეგ აძლევდა ხმას. ამის ძირითადი მიზეზი რეალური ცვლილებების არარსებობაა. პარტია ცოტას და მოსაწყენად საუბრობს იმაზე, რაც უკვე გაკეთდა, ცუდად ხსნის, რა და რა მიზნით იყო გაკეთებული. მმართველ პარტიაში საკმარისი რაოდენობითაა პროფესიონალი პოლიტიკოსები, თუმცა მედიაში უფრო ხშირად ხვდება ინფორმაცია მის უარეს წარმომადგენლებზე. ვითარების შესაცვლელად პარტიას ჰმართებს, ეროვნული პროექტების განხორციელების მონიტორინგის სისტემა ჩამოაყალიბოს, შექმნას უკუკავშირის სისტემა, ისწავლოს არაკომერციულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. რადგან მათ ბევრი რამ შეუძლიათ. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს „გარე მაკონტროლებლები“, მათ შორის – ბლოგერები და სამოქალაქო აქტივისტები. კარგი იქნება, მხარი დავუჭიროთ იმ ადამიანებსაც, რომლებიც ჟურნალისტური გამოძიებით არიან დაკავებულები, თუმცა აქ ნამდვილი გამოძიება მაქვს მხედველობაში და არა არა ფეიქ–გამოძიებები".
2019 წლის 8 სექტემბერს რუსეთში 16 რეგიონის ლიდერებისა და 15 საკანონმდებლო კრების არჩევნებია დაგეგმილი. „ერთიანი რუსეთის“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატთა დიდმა ნაწილმა პარტიის მხრიდან ოფიციალური მხარდაჭერის საჯაროდ დემონსტრირებისან თავი შეიკავა. მაგალითად, მოსკოვში მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ყველა დეპუტატმა დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრა გადაწყვიტა.
ეს გადაწყვეტილებები მმართველი პარტიის რეიტინგის სისტემური კლების ფონზე იქნა მიღებული. გასულ წელს მისი რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა და მას შემდეგ აღარ გაზრდილა.