
თალაკვაძე – პროპორციულ სისტემაზე: "ეს მათ შორის იმ ახალგაზრდების დამსახურებაა, რომელთაც პრინციპულად მოითხოვეს კონკრეტული გადაწყვეტილება"
01/07/2019 12:57:02 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იზიარებს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა საზოგადოების დაკვეთაა, მათ შორის იმ ახალგაზრდების დამსახურება, რომელთაც პრინციპულად მოითხოვეს კონკრეტული გადაწყვეტილება.
„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საზოგადოებამ და ხელისუფლებამ ერთად, რომ პროპორციული არჩევნები ჩატარდეს 2020 წელს. აქ გამომსვლელებს, რასაკვირველია, ვეთანხმები, რომ ეს არის საზოგადოების დაკვეთა, მათ შორის ეს არის, დიახ, იმ ახალი თაობის და ახალგაზრდების დამსახურება, რომელთაც ასე პრინციპულად მოითხოვეს ამ საკითხზე კონკრეტული გადაწყვეტილება, თუმცა არც ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ჩვენ მივიღეთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება, როდესაც საკონსტიტუციო რეფორმა გავაკეთეთ. მართალია, ეს იყო 2024 წლისთვის, თუმცა წინა 3, 6, 9 წლით ან 12 წლით ადრე რომ მიეღო პოლიტიკურ ისტებლიშმენტს ეს გადაწყვეტილება, დღეს უკვე გვექნებოდა ხომ პროპორციული სისტემა?! ცალსახად ჩვენი რეაქცია და სახელისუფლებო გუნდის გადაწყვეტილება - ეს არის საზოგადოების მოთხოვნაზე ადეკვატური პასუხი, როდესაც ვცვლით ამ არჩევნების ჩატარების თარიღს,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის: “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ინიციატივა. პარლამენტის ბიურო დღევანდელ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე ხელმოწერების ნამდვილობის დაზუსტებას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს დაავალებს.
კონსტიტუციური კანონპროექტი ითვალიწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პორობებში:
“საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდეროვით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად მანდატს მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობას”.
ცვლილება შედის 2017 წლის 13 ოქტომბრის საქართველოს კონსტიტუციური კანონის გარდამავალი დებულებაში, რომელიც არეგულირებდა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთჯერადად შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნების საკითხს.
მმართველი გუნდი ელის, რომ 2020 წელს პარლამენტში ყველა, თუნდაც მცირე საზოგადოებრივი გავლენის მქონე პოლიტიკური სუბიექტი იქნება წარმოდგენილი.
“უკანასკნელი პერიოდში განვითარებულმა პროცესებმა გვიჩვენა, რომ პოლიტიკური სისტემის განვითარებაში ფუნდამენტური ცვლილებების შეტანაა საჭირო. ქვეყნის მართვა სხვადასხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი სუბიექტის ფართო პოლიტიკური კონსენსუსისა და შესაბამისი პასუხისმგებლობის ფართოდ გადანაწილების პირობებში უნდა გაგრძლდეს”, – ნათქვამია კონსტიტუციური კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კონსტიტუციური კანონპროექტი არ ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას.
კანონპროექტის ავტორები არიან პარტიის “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.
მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული პროექტის გარდა, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულ საინიციატივო ჯგუფს, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების მიზნით, პარლამენტში შეტანილი აქვს 300 000-მდე მოქალაქის ხელმოწერა. საინიციატივო ჯგუფის წინადადება ასევე ითვალისწინებს 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, თუმცა 3%-იანი ბარიერის და ბლოკების დაშვების პირობებში.
იხილეთ ასევე: რა "სიკეთეს" მოუტანს საქართველოს ივანიშვილის "ნულოვანი ბარიერი"