Accentnews.ge
"ბუნებრივია, პროპორციულ სისტემას თავისი მინუსები აქვს"

"ბუნებრივია, პროპორციულ სისტემას თავისი მინუსები აქვს"

01/07/2019 12:45:54 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "პროპორციულ სისტემას, ერთიან ოლქში ჩატარებულს თავისი მინუსები აქვს, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ პარტიების მიერ სიის შედგენისა და არჩევნების მონაწილეობის პროცესი სწორად დაიგეგმება.


„რაც შეეხება რეგიონების ხმას, ბუნებრივია, პროპორციულ სისტემას, ერთიან ოლქში ჩატარებულს აქვს თავისი მინუსები და ერთ-ერთი მინუსი არის ის, რომ ამ შემთხვევაში რისკია იმისა, რომ კონცენტრირდეს მთლიანად პოლიტიკური სისტემა დედაქალაქში, თუმცა ეს არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობა. თუ პოლიტიკური პარტიები სათანადოდ დაგეგმავენ საკუთარ მონაწილეობას არჩევნებში, ასევე არა მარტო სათანადოდ, რაციონალურად და პრაგმატულად, ამ შემთხვევაში მათ საკუთარ სიებში უნდა უზრუნველყონ სხვადასხვა რეგიონის დაბალანსებული წარმომადგენლობა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სწორედ ასეთი სახით დაიგეგმება პარტიების მიერ სიის შედგენის, არჩევნებში მონაწილეობის პროცესი და საბოლოო ჯამში, ეს მოგვცემს ისეთ სურათს, როდესაც რეგიონები არიან სათანადოდ წარმოდგენილი პარლამენტში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის პარტიების პასუხისმგებლობა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის: “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ინიციატივა. პარლამენტის ბიურო დღევანდელ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე ხელმოწერების ნამდვილობის დაზუსტებას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს დაავალებს.

კონსტიტუციური კანონპროექტი  ითვალიწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პორობებში: 

“საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდეროვით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად მანდატს მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობას”.

ცვლილება შედის 2017 წლის 13 ოქტომბრის საქართველოს კონსტიტუციური კანონის გარდამავალი დებულებაში, რომელიც არეგულირებდა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთჯერადად შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნების საკითხს.

მმართველი გუნდი ელის, რომ 2020 წელს პარლამენტში ყველა, თუნდაც მცირე საზოგადოებრივი გავლენის მქონე პოლიტიკური სუბიექტი იქნება წარმოდგენილი.

“უკანასკნელი პერიოდში განვითარებულმა პროცესებმა გვიჩვენა, რომ პოლიტიკური სისტემის განვითარებაში ფუნდამენტური ცვლილებების შეტანაა საჭირო. ქვეყნის მართვა სხვადასხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი სუბიექტის ფართო პოლიტიკური კონსენსუსისა და შესაბამისი პასუხისმგებლობის ფართოდ გადანაწილების პირობებში უნდა გაგრძლდეს”, – ნათქვამია კონსტიტუციური კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კონსტიტუციური კანონპროექტი არ ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას.

კანონპროექტის ავტორები არიან პარტიის “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.

მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული პროექტის გარდა, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულ საინიციატივო ჯგუფს, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების მიზნით, პარლამენტში შეტანილი აქვს 300 000-მდე მოქალაქის ხელმოწერა. საინიციატივო ჯგუფის წინადადება ასევე ითვალისწინებს 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, თუმცა 3%-იანი ბარიერის და ბლოკების დაშვების პირობებში.

იხილეთ ასევე: რა "სიკეთეს" მოუტანს საქართველოს ივანიშვილის "ნულოვანი ბარიერი"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S