
დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელი ალერგიის მქონე მოქალაქეებს ურჩევს, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა არ გაიკეთონ
09/12/2020 11:34:52 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტო (MHRA) ალერგიის მქონე მოქალაქეებს ურჩევს, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა არ გაიკეთონ.
შესაბამისი განცხადება MHRA–მ მას შემდეგ გააკეთა, რაც Pfizer/BioNTech–ის ვაქცინით აცრის შემდეგ ქვეყნის ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის (NHS) ორ თანამშრომელს პრეპარატის გაკეთებიდან რამდენიმე წუთში ალერგიული რეაქცია გამოუვლინდა.
MHRA აფრთხილებს იმ ადამიანებს, ვისაც აქვს მკვეთრად გამოხატული ალერგია წამლებსა და საკვებზე არ უნდა გაიკეთონ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა.
„ეს ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც საქმე ახალ ვაქცინებს ეხება. რაც შეეხება NHS–ის ორ თანამშრომელს, ისინი ამჟამად თავს კარგად გრძნობენ", – MHRA–ში.
შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ვაქცინაციის პროცესი გუშინ დაიწყო.
Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინით პირველ რიგში 80 წელს გადაცილებული პირები, მედიკოსები და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და თანამშრომლები აიცრებიან. ამის შემდეგ ვაქცინაციის მსურველთა ასაკი ყოველკვირეულად დაიწევს.
ვაქცინაცია 800 000 დოზით დაიწყება. ბრიტანეთმა, საერთო ჯამში, ვაქცინის 40 მილიონი დოზა შეიძინა, რაც 20 მილიონი ადამიანისთვის იქნება საკმარისი.
გაერთიანებულ სამეფოში Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა ოფიციალურად 2 დეკემბერს დაამტკიცეს.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, გაერთიანებულ სამეფოში კოვიდ-ინფიცირების 1 750 000–ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 62 033 პაციენტი გარდაიცვალა.