
ერდოღანი: „რუსული S-400–ები მაქსიმუმ, 10 დღეში ჩამოგვივა“
01/07/2019 11:42:31 სხვა, მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდორანის განცხადებით, ქვეყანა რუსული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა S-400–ებს მაქსიმუმ, 10 დღის განმავლობაში მიიღებს.
„S-400–ები შესაძლოა, ერთ კვირაში ან მაქსიმუმ, 10 დღეში მივიღოთ. ამის შესახებ იაპონიაში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პირდაპირ ვუთხარი“, – განაცხადა ერდოღანმა.
ცნობისთვის: ცოტა ხნის წინ აშშ–ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღ რეზოლუცია, რომელიც ანკარისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, თუ ეს უკანასკნელი რუსულ S-400–ებს შეიძენს.
„აქ არჩევანი დგას შავსა და თეთრს შორის. ან ბატონი ერდოღანი გააუქმებს რუსეთთან შეთანხმებას, ან არ გააუქმებს. გამორიცხულია, თურქეთს შეიარაღებაში რუსულ S-400–ებთან ერთად ამერიკული F-35–ებიც ჰქონდეს. მესამე ვარიანტი არ არსებობს“, – განაცხადა აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თანათავმჯდომარემ ელიოტ ენგელმა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთს რუსული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა S-400–ების შეძენის პარალელურად, ამერიკული F-35–ის ტიპის 100 ავიაგამანდგურებლების შეძენაც სურს.
რუსეთის მიერ თურქეთისთვის დაახლოებით 2,5 მლრდ დოლარის S-400–ების მიწოდების შესახებ კონტრაქტს ანკარამ და მოსკოვმა 2017 წელს მოაწერეს ხელი. მიწოდება 2020 წლის გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მხარეებმა მოილაპარაკეს, ეს უკვე მიმდინარე წლის ივლისში მოხდეს. ამ გარიგებამ თურქულ– ამერიკულ ურთიერთობებში დაძაბულობა გამოიწვია. ვაშინგტონი შიშობს, რომ კრემლის ხელში შეიძლება, აღმოჩნდეს დახურული ინფორმაცია F-35 –ების შესახებ, რომლებიც NATO-სთვის იწარმოება. გარდა ამისა, აშშ ყურადღებას ამახვილებს S-400 - ების შეუთავსებლობაზე NATO-ს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემასთან. გარდა ამისა, 11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონმა მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაწვრთნას თურქი პილოტები F-35 ტიპის ავიაგამანადგურებლებისთვის.