
უგულავა - კობახიძეს: "თუ პარლამენტში მარტო იქნებით გადაიპარსე თავი, თუ არა - მე გადავიპარსავ"
08/12/2020 18:05:12 საშინაო პოლიტიკა
პარტია "ევროპული საქართველო" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრისას "ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივან ირაკლი კობახიძეს საჯარო ნიძლავის დადება შესთავაზა.
"მეც მაქვს თმები შესაჭრელი და კობახიძეს სულ შესაჭრელი აქვს. დავდოთ თუ გინდათ საჯარო ნიძლავი. ვნახავთ 11 დეკემბერს, თუ [პარლამენტში] იქნებიან მარტო, გადაიპარსოს თავი. თუ არა – მე გადავიპარსავ", – განაცხადა უგულავამ.
ცნობისთვის: „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე პოზიციები ბევრ საკითხზე შეაჯერეს, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ფესილიტატორი ელჩების თანდასწრებით მოლაპარაკების მე-4 რაუნდი შეთანხმების გარეშე დასრულდა. შეხვედრის შემდეგ პოლიტიკოსებს დეტალებზე არ უსაუბრიათ, თუმცა როგორც მათი კომენტარებიდან ირკვევა, რიგ საკითხებზე პოზიციები დაახლოვდა, მაგრამ არა მთავარი მოთხოვნის ირგვლივ, რომელიც არჩევნებს ეხება.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოზიციები ხელახალი არჩევნების დანიშნვასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე არის დაშორებული. საარჩევნო სისტემის რეფორმისა და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილების საკითხზე კი, მოლაპარაკებაში ჩართული მხარეების პოზიციები მეტ-ნაკლებად დაახლოვდა. ყველა ოპოზიციონერმა ლიდერმა აღნიშნა, რომ თუ არ იქნება პოლიტიკური შეთანხმება, ოპოზიციური პარტიები გააგრძელებენ ბოიკოტს და პარლამენტში არ შევლენ.