
"ეტყობა, ნინო ქათამაძე პოლიტიკაში ვერ ერკვევა"
01/07/2019 10:57:24 სხვა, საზოგადოება
ეტყობა, ნინო ქათამაძე პოლიტიკაში ვერ ერკვევა, - ასე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ნინო ქათამაძის გუშინდელ განცხადებას და გადაწყვეტილებას, რომ მოსკოვში კონცერტებს აღარ გამართავს.
„ნინო ქათამაძე ძალიან ნიჭიერია, მაგრამ, ეტყობა ბევრი რამ არ იცის პოლიტიკის საკითხებში. თუ მას ექნება კითხვები, ჩვენ ყოველთვის მზად ვიქნებით მას ავუხსნათ“, - განუცხადა რუს ჟურნალისტებს პესკოვმა.
ცნობისთვის: ნინო ქათამაძემ მოსკოვში რამდენიმე დღის წინ კონცერტის გამართვის გამო ქართულ საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. მან პარლამენტის წინ სეკრებილ დემონსტრანტებს სოლიდარობა გამოუცხადა და განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპანტია.
იხილეთ ასევე: რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში ნინო ქათამაძის ბულინგი გრძელდება
რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა.
რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.
რუსთაველზე სეკრებილი დემონსტრანტები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით დანიშვნას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, 2 პირი კი ამ დრომდე მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა, 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ, ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება.
სწორედ ზემოაღნიშნული მოვლენების შემდგომ, 21 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე, 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.