Accentnews.ge
ალა გერბერი: „საქართველო ახლიდან იბადება“

ალა გერბერი: „საქართველო ახლიდან იბადება“

01/07/2019 10:41:16 თვალსაზრისი, ინტერვიუ

ცნობილი რუსი ანალიტიკოსი და ჟურნალისტი ალა გერბერი საქართველოს მიმართ რუსეთის ახალ სანქციებს ეხმიანება და ამბობს, რომ „ეს ყველაფერი სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს“. ამ საკითხზე, ასევე ზოგადად რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე მან პროექტისთვის „ღირსების კულტურა“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. 


„აქცენტი“ მისი მოსაზრებების ქართულ თარგმანს გთავაზობთ:  

„როდესაც ვხედავთ, რომ როგორც კი საქართველოში ცნობილი მოვლენები დაიწყო, რუსეთში კვლავ „მოწამლული“ ქართული ღვინო აღმოაჩინეს; წინა დღით მისი სმა ჯერ კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ როგორც კი თბილისში ცნობილი მოვლენები დაიწყო – თურმე, აღარ...  ეს ყველაფერი სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.  გვახსოვს ალბათ, რუსული მხარის ანალოგიური მოქმედება 11 წლის წინ, ომის შემდგომ პერიოდში... პარალელურ რეჟიმში ათასობით რუსს წაართვეს შესაძლებლობა, საქართველოში არაჩვეულებრივად გაეტარებინა შვებულება. ხალხმა თავისი დასვენება დაგეგმა, თანხა აგროვა, ბილეთები აიღო, ბევრს ბავშვებთან ერთად უნდოდა დასვენება და მოგეხსენებათ, ეს კიდევ დამატებით ორგანიზებას საჭიროებს... - და ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით წყალში ჩაუყარეს! ერთ მშვენიერ დილას გაღვიძებულ ამდენ ადამიანს უბრალოდ უთხრეს, „აღარსად აღარ წახვალთ, ქართულ ღვინოსაც აღარ დალევთ, საქართველო აღარ არსებობსო“... არ ვიცი, ან რა ლოგიკა აქვს მსგავს მოქმედებას, ან რა დამოკიდებულებას იჩენს ამით რუსეთის ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების მიმართ...".

ანალიტიკოსი რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში "ქართველების რუსოფობიის" შესახებ აგორებულ კამპანიასაც ეხმიანება და ამბობს, რომ "საქართველოში რუსოფობია არასოდეს ყოფილა":

" საქართველოში პირველად მრავალი წლის წინ, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მოვხვდი და ის მოგზაურობა არასოდეს დამავიწყდება: იმჟამინდელი ჩვენი ნაცრისფერი რელობის, რუსი საბჭოთა ადამიანის ერთგვარად გაუცხოებული,, ცივი და გაუთლელი ცხოვრებისეული სტილის ფონზე საქართველო სხვა პლანეტად მომეჩვენა. ის „სხვა პლანეტა“ იყო მაშინაც და რჩება დღემდეც, განსაკუთრებით - ადამიანური ურთიერთობების თვალსაზრისით. მას შემდეგ კიდევ 5–ჯერ ვიყავი საქართველოში, მათ შორის - ბოლო წლებშიც, რუსული კინოს სხვადასხვა ფესტივალების ფარგლებში. ამ დროს უკვე მათ ორგანიზატორებს, ჩვენს ქართველ მეგობრებს საკმაოდ უჭირდათ (ამ ღონისძიებებს აპროტესტებდა როგორც ქართული საზოგადოება, ისე იმჟამინდელი ხელისუფლება), თუმცა დარბაზები მაინც ივსებოდა, ხალხის მხრიდან ჩვენს მიმართ სითბოს გარდა, ახლაც არაფერი იგრძნობოდა და არანაირი რუსოფობია არ ყოფილა. ზუსტად ასეა დღესაც: არავითარი რუსოფობია არ არის, ხალხი უპირისპირდება არა რუსეთს, არამედ რუსეთის სახელმწიფოს, მის მმართველებს და მათ პოლიტიკას, რომლის შედეგადაც ქართველებმა, როგორც მათ მიაჩნიათ, მათი ძირძველი მიწები დაკარგეს. ეს რთული საკითხია და დეტალებში შესვლა ეხლა არ მსურს, თუმცა საქართველოში რუსოფობიაზე და საკუთრივ რუსი ხალხის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებაზე საუბარი უბრალოდ არასერიოზულია“.

თბილისში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციების მიზეზებზე საუბრისას გერბერმა დეპუტატ გავრილოვის ინციდენტზე გაამახვილა ყურადღება:   

„ხალხი აპროტესტებს იმას, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ,  მართლმადიდებელმა კომუნისტმა საქართველოს პარლამენტის სპიკერატიდან რაღაც ასამბლეა გახსნა... სპიკერის სავარძელში თავად ჩაჯდა თუ ჩასვეს - მე არ ვიცი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ცუდი რამ იყო. თუ ეს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო, ეს იყო სიბეცე და წინდაუხედავობა, თუ გავრილოვის გადაწყვეტილება - უკიდურესითავხედობა, თუმცა არა მგონია, მას ეს თავად მოეფიქრებინა.... ასეა თუ ისე, წარმომიდგენია, რა იროშა მან იქ“. 

ზოგადად საქართველოში არსებულ ვითარებაზე საუბრისას გერბერმა იგი „რთულად" შეაფასა და განაცხადა, რომ „საქართველო ახლიდან იბადება“: 

„სადღეისოდ საქართველოში ვითარება რთულია, ისევე, როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში:  მოქალაქეები ცდილობენ, იპოვონ რაღაც ახალი სტატუსი, ფუნქცია, ახალი თავისუფლება, ახალი დამოუკიდებლობა... ეს ყველაფერი ძალზე რთული და მტკივნეული პროცესია, რომელსაც უამრავი შიდა წინააღმდეგობა სდევს თან, ბევრი სხვადასხვა მიმართულება, ბევრი ბრძოლა – საკუთარი თავისთვის, სამშობლოსთვის,.. ხანდახან ისეც ხდება, რომ ეს იქცევა ბრძოლად საკუთარი თავისა და ქვეყნის წინააღმდეგ, მაგრამ საქართველო, ისევე, როგორც უკრაინა და სომხეთი, დღეს თავიდან იბადებიან: მათ დააღწიეს თავი საბჭოთა სისტემის ჩექმას და ახლა თავიდან სწავლობენ სიარულს, როგორც პატარა ბავშვი: ეცემიან, უჩნდებათ ნაკაწრები, ღიზიანდებიან, ხანდახან ტირიან, მერე იცინიან,.. ანუ, საქართველო ზრდის რთულ პროცესშია“.

რაც შეეხება რუსეთ–საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივებს, გერბერის აზრით, ამის პროგნოზირება ამ ეტაპზე ძალზე რთულია, რადგან თავად რუსეთის მომავალია ბუნდოვანი:

„იმპერია, მადლობა ღმერთს, დაშლილია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ თითქმის 30 წელია გასული, არა მხოლოდ რესპუბლიკების, არამედ თავად რუსეთის მომავალიც გაურკვეველია და იმაზე, გადარჩება თუ არა  რუსეთი, ბევრი რამიქნება დამოკიდებული“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S