
ახალგაზრდების ჯგუფი „შერატონ მეტეხი პალასთან“ აქციას მართავს
01/07/2019 09:50:24 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ახალგაზრდების ჯგუფი „შერატონ მეტეხი პალასთან“ აქციას მართავს.
აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო ინიციატივის „პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციის გამართვას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ პირველ რიგში, შს მინისტრი გიორგი გახარია უნდა გადადგეს.
აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლებამ საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობა მხოლოდ მათი მოთხოვნის შესრულების შემდეგ უნდა დაიწყოს.
ახალგაზრდებს სასტუმროსთან "სირცხვილის დერეფანი" აქვთ მოწყობილი.
შეგახსენებთ, რომ ძირითადი ოპოზიციური ძალები “ქართული ოცნების” საკონსტიტუციო ინიციატივის პრეზენტაციას არ დაესწრებიან . კერძოდ, ოპოზიციური გაერთიანება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, “ევროპული საქართველო”, “რესპუბლიკური პარტია” და “თავისუფალი დემოკრატები” ღონისძიენბაზე დასწრებაზე უარს აცხადებენ, თუმცა აცხადებენ, რომ მომავლში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციებში ჩართვას გეგმავენ.
არსებული ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებების პრეზენტაციას დაესწრება პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი”.
ცნობისთვის: დღეს 14:00 სთ–ზე პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ საკონსტიტუციო ინიციატივის “პროპორციული არჩევნები 2020“ პრეზენტაციას გამართავს. შეგახსენებთ, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერით ჩატარდება. შესაბამისი გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების შემდეგ მიიღო.