
"20 ივნისის ღამეს ცალკეულ შემთხვევებში უფლებამოსილებების გადამეტებას ჰქონდა ადგილი"
01/07/2019 07:40:34 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საქართველოს ტავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას განცხადებით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე 20 ივნისს განვითარებული მოვლენების დროს ცალკეული შემთხვევებში უფლებამოსილებების გადამეტებას ჰქონდა ადგილი.
კითხვაზე, უნდა ყოფილიყო თუ არა აქციაზე გამოყენებული ის ტყვიები, რომლებიც სიცოცხლისთვის საშიშია, ლევან იზორიამ განაცხადა, რომ შსს მოქმედებდა კანონის ფარგლებში, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში უფლებამოსილების გადამეტებას ჰქონდა ადგილი.
„ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთგზის მოვისმინეთ კომენტარები, რომ ერთი მხრივ, პოლიცია, შსს და მისი ხელმძღვანელი მოქმედებდა იმ ვალდებულების თანახმად, რა ვალდებულებაც კონსტიტუციითა და კანონით არის განსაზღვრული, რად უკავშირდება განსაკუთრებით მართლწესრიგის დაცვას. ამასთან ერთად, ამ ვალდებულების შესრულებასთან ერთად ჩვენ კომენტარებში ყოველთვის აღვნიშნავთ, რომ ჰქონდა ცალკეულ შემთხვევებში უფლებამოსილებების გადამეტებას ადგილი. რა გახდა ამის მიზეზი და რა გარემოებებში მოხდა უფლებამოსილებების გადამეტება, ეს არის სწორედ გამოძიების პრეროგატივა, რომელმაც ახლო მომავალში უნდა დაადგინოს კონკრეტული გარემოებები“, - განაცხადა, "პირველი არხის" ცნობით, ლევან იზორიამ.
რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა.
აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით დანიშვნას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა, 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ, ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება.
სწორედ ზემოაღნიშნული მოვლენების შემდგომ, 21 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე, 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.