Accentnews.ge
რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში ნინო ქათამაძის ბულინგი გრძელდება

რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში ნინო ქათამაძის ბულინგი გრძელდება

01/07/2019 09:24:43 სხვა, საზოგადოება

რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში ნინო ქათამაძის ბულინგი გრძელდება. მას შემდეგ რაც სამშობლოში დაბრუნებულმა მომღერალმა თანამემამულეებს ბოდიში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის ტრიბუნიდან მოუხადა და პირობა დადო, რომ რუსეთში აღარ იმღერებს, რუსულ მედიაში მისი საწინააღმდეგო კამპანია არ წყდება. გუშინ და დღეს რუსული სახელისუფლებო გამოცემები აქტიურად ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს ქათამაძემ თავისი ფეისბუქ–გვერდიდან ამ დაპირების შემცველი „პოსტი“ წაშალა.  



ამასთან, საყოველთაოდ ცნობილი პროპაგანდისტი ჟურნალისტები სოლოვიოვი, გასპარიანი და სხვანი  წერენ, რომ „ქათამაძე ტიპიურ ქცევას დემონსტრირებს ვაი–პატრიოტებისა, რომელთაც შიათ“.

ნინო ქათამაძემ რუსეთში ფესტივალ Усадьба Jazz-ზე იმღერა. კონცერტი 22 ივნისს გაიმართა, მაშინ როდესაც თბილისში ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქცია იმართებოდა.

მასობრივი ანტისაოკუპაციო პროტესტის ფონზე, 22 ივნისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ავიაკომპანიებს რუსეთში ფრენებს აუკრძალავენ. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, შეზღუდვა 8 ივლისიდან ამოქმედდება. მანამდე, 21 ივნისს ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მიმართულებით რუსული ავიაკომპანიების ფრენები აკრძალა.

რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. 

აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით დანიშვნას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

სწორედ ზემოაღნიშნული მოვლენების შემდგომ, 21 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე, 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.

30 ივნისს ნინო ქათამაძემ "Facebook"-ში პირად გვერდზე დაწერა, რომ ეს მისი ბოლო კონცერტი იყო რუსეთში. 


გუშინ საღამოს ქათამაძე პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა და დემონსტრანტებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: "როცა იქნება საჭირო, იმ დროს ვიქნები იქ, სადაც თქვენ იქნებით".  


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S