Accentnews.ge
ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიცია აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მისი პოზიცია უცვლელია

ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიცია აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მისი პოზიცია უცვლელია

04/12/2020 13:30:53 საშინაო პოლიტიკა

ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიცია აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მისი პოზიცია უცვლელია.

როგორც ოპოზიაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, დღეს ელჩებს თავიანთი ინიციატივა წარუდგინეს, რომელსაც დიპლომატები "ქართულ ოცნებას" გააცნობენ.

"ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი შეჯერებული და ერთიანი პოზიცია და ამ პოზიციის დაფიქსირება მოხდა ძალიან დეტალურად, გაწერილი დოკუმენტური ფორმით. ყველა ის მოთხოვნა, რაც არსებობდა ოპოზიციის მხრიდან და ჩვენი ხედვა, როგორ უნდა განიმუხტოს კრიზისი და როგორ წავიდეს ქვეყანა წინ, ჩამოყალიბებული, დეტალური, წერილობითი პოზიციის სახით გადავეცით ელჩებს. ჩვენი თხოვნა იყო, რომ მათ, როგორც ფასილიტატორებმა ეს პოზიცია ოფიციალურად მიაწოდონ ქართულ ოცნებას და ველოდებით ასეთივე ოფიციალურ დოკუმენტირებულ პასუხს. ქართული ოცნებიდან" პასუხის მიღების შემდეგ ვისაუბრებთ ჩვენი ინიციატივის დეტალებზე. ახლა ჩვენ შეხვედრის დეტალებზე საუბარი არ შეგვიძლია. თუმცა მინდა, გითხრათ, რომ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ბოიკოტის გადაწყვეტილება უცვლელია", – განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ–ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

ცნობისთვის: ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.

აქციების პარალელურად, ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის პროცესი დაიძრა. უკვე გაიმართა მოლაპარაკებათა მე–2 რაუნდი, თუმცა მხარეთა პოზიციების დაახლოება ჯერ–ჯერობით ვერ ხერხდება. ოპოზიცია ერთიანია მოთხოვნაში, გაიმართოს ხელახალი არჩევნები ხელახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. აღნიშნულს მმართველ გუნდში ამ დრომდე კატეგორიულად გამორიცხავენ. როდის გაიმართება დიალოგის მე–3 რაუნდი ამ ეტაპზე უცნობია. შეგახსენებთ, რომ ფასილიტატორები ოპოზიციის ლიდერებთან ინდივიდუალურ შეხვედრებსაც მართავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S