
"თუ არ იქნება დაკმაყოფილებული მოთხოვნა ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ, ენმ პარლამენტში არ შევა"
04/12/2020 11:12:05 საშინაო პოლიტიკა
"პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ თუ არ იქნება დაკმაყოფილებული მოთხოვნა ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ, ენმ პარლამენტში არ შევა", – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ მინდა გითხრათ, გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ გაყალბებული არჩევნების შემდეგ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ თუნდაც ერთი წარმომადგენელი მაინც განიხილავს შესვლას, არის უბრალოდ „ქართული ოცნების“ ოცნება. პოლიტსაბჭოს სხდომის ფორმატში, კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ თუ არ ჩატარდება ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები, რაც გვესახება ერთადერთ გამოსავლად პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება ფასადური დემოკრატიისთვის ხელშემწყობი პოლიტიკური პარტია. ანუ, „ნაცმოძრაობა“ არ იქნება, ვერ იქნება პარლამენტში იმიტომ, რომ ეს არის ღალატი საკუთარი ხალხის", – განაცხადა მელიამ.