
„გავაკონტროლოთ, მაგრამ არ ავკრძალოთ“ – რას ფიქრობს ქართულ ღვინოზე ონიშჩენკო
01/07/2019 07:57:55 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, ყოფილი მთავარი სანიტარული ექიმი გენადი ონიშჩენკო თვლის, რომ რუსეთმა საქართველოდან შეტანილი ღვინის კონტროლი უნდა გაამკაცროს, თუმცა მიწოდებები არ აკრძალოს.
„კონტროლის გაძლიერების ზომები დროულად არის მიღებული, საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების უმართავობის გათვალისწინებით, ეს აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი იყო. ამ ქვეყნიდან შემომავალი ალკოჰოლური პროდუქციის კონტროლის გამკაცრება ნამდვილად გვმართებდა, მაგრამ აკრძალვა, ჩემი აზრით, აუცილებლობას არ წარმოადგენს. ვფიქრობ, სწორია, რომ საუბარია სწორედ კონტროლი გაძლიერებაზე, რადგან ქართული ღვინის შემოტანაზე სრული აკრძალვის საფუძველი არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში – სადღეისოდ“, – განაცხადა ონიშჩენკომ.
იხილეთ ასევე: „როსპოტრებნადზორი“ ქართული ღვინის ხარისხის „გაუარესებაზე“ ალაპარაკდა
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი, ამჟამად ეკონომისტი, სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე ივან სტარიკოვი თვლის. რომ კრემლი "როსპოტრებნადზორის" პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებით ამ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტის იმიჯს საბოლოოდ ძირავს:
"მთლად სამარცხვინოდ დააგდებს ეს ისტორია [ქართული ღვინის ხარისხში მორიგი “დაეჭვება” - რედ.] “როსპოტრებნდორის” ისედაც შერყეულ იმიჯს. უკვე მერამდენედ, ყველას თვალწინ ამ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო ინსტიტუტს პოლიტიკური მიზნებისთვის, კერძოდ, სხვა ქვეყნების მიმართ შურისძიებისთვის იყენებენ. ეს მისი სახელისა და რენომეს სრულ დევალვაციას ნიშნავს. უეცარი დაეჭვება ქართული ღვინის ხარისხში ყოველივე ზემოთთქმულისა და იმის ფონზე, რომ რუსეთში რამდენიმე ასეული ტონა პალმის ზეთია შემოტანილი, დიდი პრობლემები გვაქვს რძის პროდუქტების ხარისხის კუთხით და ა.შ., - ეს ყველაფერი ქმნის საფუძველს, რუსეთის მოქალაქეებიცა და უცხოელი პარტნიორებიც “როსპოტრებნადზორის” განცხადებებს მომავალში უბრალოდ აღარ ენდონ”.
გარდა ამისა, მისი აზრით, კრემლის ახალი სანქციები თავად რუსეთს საქართველოზე არანაკლებად დააზარალებს:
"წმინდა პრაგმატული თვალსაზრისითაც რომ შევაფასოთ კრემლის ახალი სანქციები, რაღა თქმა უნდა, საქართველოსკენ პირდაპირი ფრენების აკრძალვა მნიშვნელოვნად დააზარალებს ქართულ ტურისტულ ბიზნესს, არაერთ კარგ ტურისტულ კომპანიას ალბათ, გააბანკროტებს კიდეც. თუმცა ეს არანაკლებად დაარტყამს რუსულ საავიაციო თუ ტურისტულ ბიზნესსაც. აგერ, გადავხედე უკანასკნელ სტატისტიკას და ჩვენმა ტურისტულმა გადამზიდავებმა პირველი კვარტლის შედეგებით რეკორდული ზარალი – 45 მლრდ რუბლი აჩვენეს, ხოლო საქართველოსკენ ავიაბილეთების მასობრივი დაბრუნება მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს, თანაც ძალზე მნიშვნელოვნად. იგივე ბედი ელით რუსულ ტურისტულ კომპანიებსაც, რომელთაც თანხების დაბრუნების გარდა, შესაძლოა, კლიენტებისთვის სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაციების გადახდაც მოუწიოთ. ესეც რომ არა, თავად რუსეთის ხელისუფლების მიმართ ისედაც არცთუ ძლიერ სიყვარულს ეს ყველაფერი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებში კიდევ უფრო შეამცირებს, რადგან მათ უმეტესობას მშვენივრად ესმის, რომ ხელისუფლებამ დასვენება წმინდა პოლიტიკური მიზეზებით, საქართველოს დასასჯელად გაუფუჭა".