Accentnews.ge
"გენმოდიფიცირებული კოღოები და დაპროგრამებული ტკიპები": ონიშჩენკოს მორიგი პროპაგანდისტული ბრალდებები

"გენმოდიფიცირებული კოღოები და დაპროგრამებული ტკიპები": ონიშჩენკოს მორიგი პროპაგანდისტული ბრალდებები

01/07/2019 07:34:32 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, ყოფილი მთავარი სანიტარული ექიმი გენადი ონიშჩენკო "დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ მორიგ ბიოლოგიურ შეტევაზე" ალაპარაკდა. დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას მან ჩვეულ პროპაგანდისტულ სტილში გააკეთა განცხადებები „აშშ–ის მიერ ბაქტერიული იარაღის აქტიურ გამოყენებაზე“ და ამ კონტექსტში „გენმოდიფიცირებული კოღოები ზიკას ვირუსის შიგთავსით" და "დაპროგრამებული ტკიპები“ ახსენა.  

„ამერიკის არმიის უმსხვილესი ინსტიტუტები კვლავ აქტიურად ამუშავებენ და იყენებენ ბაქტერიულ იარაღს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი საერთაშორისო კანონმდებლობითაა აკრძალული. საქმე იმაშია, რომ მსგავსი პროექტების გაკონტროლება ფაქტობრივად არარეალურია. რუსეთის გარშემო სადღეისოდ ამერიკული სამხედრო-ბიოლოგიური ობიექტების მთელი ქსელია ჩამოყალიბებული, რომლის ერთ–ერთი რგოლი საქართველოში მდებარე ლაბორატორიაა“, – განაცხადა ონიშჩენკომ.

„მტკიცებულებად“ მან „პენტაგონის თანამშრომლების, მათ შორის ბიოლოგების, ვირუსოლოგების, ინფექციონისტების, სამეცნიერო ნაშრომების ანალიზი“ მოიყვანა და აღნიშნა, რომ „მათი კვლევები დეკლარირებულ მიზნებს ყოველთვის როდი პასუხობს“.

„რეალურად, ამ კვლევების უკან რუსეთის საზღვრებთან სამხედრო პოტენციალის ზრდის მიზანი იმალება. იქმნება გარკვეული ვირუსები, რომელიც ენდემური იქნება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიისთვის, ყალიბდება ეპიდემიების ხელოვნური კერები, ქმნიან დაავადებების არატრადიციულ გადამტანებს, მაგალითად, გმო–კოღოებს, დაპროგრამებულ ტკიპებს, ასევე სპეციალურ საშუალებებს გადამტანების ადგილამდე მისაღწევად. შედეგად დაავადებების გადამტანების შემოღწევის არეალი ყოველწლიურად ეკვატორიდან ჩრდილოეთის მიმართულებით დაახლოებით 30კმ–ით ფართოვდება. ზიკას ვირუსის გადამტანი უკვე აფხაზეთის მიდამოებში დაფიქსირდა, ხოლო ვირუსული წარმოშობის ციებ–ცხელების გადამტანი ვეფხვისებრი კოღო შემჩნეულია რუმინეთის სამხრეთ ნაწილში, საქართველოსა და რუსეთში.  ამერიკელი სამხედროები ფლობენ გადამტანების კულტივაციის მექანიზმს, ზრდიან კოღოებისა და ტკიპების კულტურებს, რომლებიც მთლიანად ლაბორატორიებშია გამოყვანილი, გარდა ამისა, ისინი ატარებენ საძიებო და არატრადიციულ კვლევებს და ის, რაც დღემდე არ ვრცელდებოდა, ახლა ვრცელდება“, – დასძინა მან.

ცნობისთვის: თბილისის რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის თემას კრემლი ანტიქართული პროპაგანდისთვის პერიოდულად იყენებს. და ეს - მიუხედავად არაერთი საერთაშორისო დასკვნისა და ლაბორატორიაში ჩატარებული არაერთი ჟურნალისტური თუ სამეცნიერო ექსპედიციისა, რომლებმაც მასში საშიში და საზიანო ვერაფერი გამოავლინეს.  პირიქით.

ასე, მაგალითად, ექსპერტთა 23-კაციანმა საერთაშორისო ჯგუფმა ერთხმად განაცხადა, რომ ეს ლაბორატორია "აბსოლუტურად გამჭვირვალეა, მოქმედებს საერთაშორიო სტანდარტების პრინციპით და, რაც მთავარია, მასში გარდა ლაბორატორიულისა (რომელიც საჭიროა დაავადებათა პრევენციისთვის, ადრეული გამოვლენისთვის, ადამიანთა დაცვისთვის), სხვა სამუშაოები არ წარმოებს“.

რუსული პოლიტიკური ელიტისა და სახელმწიფო უწყებების ბოლოდროინდელი განცხადებების პირველწყაროდ ყოფილი ქართველი მინისტრი იგორ გიორგაძე სახელდებოდა, თუმცა მანაც BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში "ადამიანებზე ექსპერიმენტების წარმოების დამადასტურებელი დოკუმენტები არ აქვს". 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S