ხეცურიანი: "ღვინის მარნები კატასტროფულ მდგომარეობაში არიან და კიდევ უარესში ჩავარდებიან"
03/12/2020 19:28:14 ეკონომიკა
საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტის შალვა ხეცურიანის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ღვინის მცირე მარნები უმძიმეს მდგომარეობაში არიან.
მისი თქმით, აუცილებელია, მთავრობასთან სექტორში არსებულ პრობლემებზე უფრო კონსტრუქციული დიალოგი შედგეს.
„ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი 27 დარგობრივ ასოციაციას აერთიანებს – ძალიან დიდი ინტელექტუალური რესურსია, დაჯდომა და მოფიქრება უნდა, რისი გაკეთება შეიძლება იგივე დღგ-ს ნაწილში, საშეღავათო პერიოდი სესხების ძირზე – აქაც შეიძლება დახმარების გაწევა. კარგი ინიციატივა იყო საპროცენტო განაკვეთის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, აქაც პერიოდი უნდა იყოს გაგრძელებული. როცა არ იხდის კომპანია და მერე ერთიანად მოადგება გადასახადი, წარმოუდგენელ დღეში აღმოჩნდებიან.
ღვინის მარნები კატასტროფულ მდგომარეობაში არიან და კიდევ უარესში ჩავარდებიან: მათი დიდი ნაწილი ექსპორტზე არ მუშაობს, ძირითადი საქმიანობა დამყარებულია ტურისტზე, უკეთეს შემთხვევაში, შიდა ბაზარზე ხდებოდა რეალიზება, დღეს არცერთია და არც – მეორე.
ტურისტულმა სექტორმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში მათ შორის არის ღვინის მცირე მარნებიც. ახლა საჭიროა, ამ სექტორს დავეხმაროთ, ეს არის როგორც ვაზზე სამამულე რქა, დღეს არაფერს გაძლევს, თუმცა 1 წელიწადში მოსავალს მოიტანს. ამიტომ, თხოვნაა, რომ ღვინის მარნებიც აღმოჩნდეს ამ შეღავათების ჩამონათვალში", - განაცხადა შალვა ხეცურიანმა „საქმიანი დილის“ ეთერში.


