გაბუნია განმარტავს, ახალი პროტოკოლის მიხედვით, ვის ჩაუტარდება კორონავირუსზე ტესტირება
02/12/2020 15:10:51 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ახალი პროტოკოლის მიხედვით, კორონავირუსზე ტესტირებას მხოლოდ ე.წ. სიმპტომურ პაციენტებს ჩაუტარებენ.
"ჩვენი დღევანდელი პროტოკოლით, სიმპტომების შემთხვევაში, ანუ როდესაც სახეზეა რესპირაციული სიმპტომები, ტემპერატურის მომატება, ხველა, რაიმე სხვა ტიპის ნიშანი, რაც შესაძლოა, კორონავირუსთან იყოს დაკავშირებული, პაციენტი უნდა დაუკავშირდეს ოჯახის ექიმს ტელეფონის საშუალებით, რადგან ამ ეტაპზე პირადი კონტაქტი არ არის რეკომენდებული. ოჯახის ექიმი შეაფასებს მის მდგომარეობას, ჩაუნიშნავს ვიზიტს ტესტირებისთვის. პაციენტი მივა, დაელოდება თავის რიგს, გაიკეთებს ტესტს, იქვე გაიგებს პასუხს, რადგანაც ანტიგენზე დამყარებულ ტესტს სჭირდება 15-დან 30 წუთამდე. ადგილზევე მაშინვე შეატყობინებენ ტესტის შედეგს და ასევე, მისცემენ რჩევას, რომ პირველ რიგში პაციენტი უნდა დაბრუნდეს ბინაზე, იყოს თვითიზოლაციაში და შემდგომ მას დაუკავშირდება ისევ ოჯახის ექიმი, რომელიც გააგრძელებს მეთვალყურეობას, როგორც კოვიდ–დადასტურებულ პაციენტზე.
იშვიათ შემთხვევაში, როცა პაციენტის მდგომარეობა არ იძლევა შესაძლებლობას, ის თავად მივიდეს ტესტის ჩასატარებლად, ეს შეიძლება, შეეხებოდეს რაიმე სახის შშმ პირების საჭიროებებს ან შეიძლება, შეეხებოდეთ ქრონიკული დაავადების მქონე პირებს, შესაძლებელი იქნება, კლინიკასთან შეთანხმებით ბინაზეც გაკეთდეს ტესტი, რადგან ამას განსკუთრებული ტექნოლოგიური პირობები არ სჭირდება. სისტემატურად ამას ვერ გავაკეთებთ, თუმცა იშვიათ შემთხვევებში ესეც იქნება შესაძლებელი", – განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, მოქალაქეებს კორონავირუსის ტესტირების ჩატარება ყველა იმ კლინიკაში შეეძლებათ, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული:
"თბილისში არის 80-მდე ასეთი დაწესებულება, ქუთაისში 50, ბათუმში დაახლოებით 9. სხვა დიდ ქალაქებშიც არის ასეთი პოლიკლინიკები, დაფარვა არის ძალიან ფართო, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრობლემა არ უნდა შეიქმნას".
2 თვის განმავლობაში საქართველოში ინტენსიური ტესტირება ჩატარდება. სახელმწიფო დღეში დაახლოებით, 20 000–ს ტესტს გააკეთებს, რასაც დაემატება კერძო ლაბორატორიებისა და კლინიკების მიერ გაკეთებული ტესტების რაოდენობა.


