
პროკურორი: 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის სიკვდილის მიზეზი გაგუდვაა
13/05/2019 19:05:11 სხვა, სამართალი
სახელმწიფო ბრალდებამ 9 წლის ბავშვის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ იაგო ნებიერიძის სასამართლო პროცესზე მოწმეთა დაკითხვა ამოწურა. 13 მაისს გამომძიებელი და სასამართლო სამედიცინო ექსპერტი დაიკითხნენ.
როგორც პროკურორმა განაცხადა, სამედიცინო ექსპერტმა პროცესზე დეტალურად ისაუბრა გოგონას სხეულზე აღწერილ თითოეულ დაზიანებასთან დაკავშირებით:
პროკურორის თქმით, 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის სიკვდილის მიზეზი კისრის მიდამოში ხელის მოჭერით გაგუდვაა.
„გოგონას მთელ სხეულზე, კიდურებზე და სხეულის თითქმის ყველა ნაწილზე, თავზე, სახის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები. მისი სიკვდილის უშუალო მიზეზია ასფიქსია, ანუ კისრის მიდამოებში ხელის მოჭერის შედეგად მისი გაგუდვა. ეს გახლავთ უშუალოდ სიკვდილის მიზეზი.
ასევე, თავის არეში აღენიშნებოდა მკვრივი ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანება, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო იყო და რამაც ქალას მოტეხილობა, თავის ტვინში ტრავმული სისხლჩაქცევა გამოიწვია", - განაცხადა პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა.
9 წლის ნანიკო ბერიაშვილი გორში 2018 წლის 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. მისი ცხედარი სამართალდამცავებმა რამდენიმე საათში ლიახვის სანაპიროზე იპოვნეს. ფაქტზე 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძეა დაკავებული.
მორიგი სასამართლო სხდომა 16 მაისს გაიმართება.